ჰოლივუდის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ დანაშაულზე ბრალს გაასაჩივრებს - ამერიკელი კინოპროდიუსერის უფლებადამცველებმა გაუპატიურებასა და სექსუალური ძალადობის მუხლით გამოტანილი განაჩენის აპელაცია დაიწყეს.
69 წლის ვაინშტეინი ნიუ-იორკში 2020 წლის თებერვალში გაასამართლეს და მას 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თავად ვაინშტეინი ბრალს არ აღიარებს. ნიუ-იორკის უზენაეს სასამართლოში შეტანილი სარჩელი განაჩენის გაუქმების გრძელვადიანი მცდელობის დასაწყისი იქნება.
კინოპროდიუსერის ადვოკატების მტკიცებით, მოსამართლემ განაჩენის გამოტანისას რამდენიმე შეცდომა დაუშვა და ვაინშტეინის საქმეზე გამართული სასამართლო პროცესები სამართლიანობას მოკლებული იყო.