29 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
პოლარიზაციას განაპირობებს არა ე.წ. პოლიტიკოსების ყოფნა ციხეში, არამედ დამნაშავეების ყოფნა პოლიტიკაში - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის  განცხადებით, ამ პერიოდში რადიკალიზმის და პოლარიზაციის გაღრმავებით ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ სწორედ ის ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებიც მხილებული ან ბრალდებული არიან სხვადასხვა მძიმე დანაშაულში. 

"პოლარიზაციას განაპირობებს არა ე.წ. პოლიტიკოსების ყოფნა ციხეში, არამედ დამნაშავეების ყოფნა პოლიტიკაში. ეს დაამტკიცა გასულმა წლებმა, როდესაც პოლიტიკაში კრიმინალის მიმართ სახელმწიფოს ჰუმანურმა და ლოიალურმა დამოკიდებულებამ არა თუ შეამცირა, არამედ კიდევ უფრო მეტად გააღრმავა პოლიტიკური პროცესების პოლარიზაცია და რადიკალიზაცია, განაპირობა პოლიტიკური ობსტრუქცია და პარლამენტის საბოტაჟი, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების უამრავი მოწოდების მიუხედავად ახორციელებდა.

ამ პერიოდში, რადიკალიზმის და პოლარიზაციის გაღრმავებით ყველაზე მეტად გამოირჩეოდნენ სწორედ ის ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებიც მხილებული ან ბრალდებული არიან სხვადასხვა მძიმე დანაშაულში, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, მამუკა ხაზარაძე, გიგი უგულავა და სხვები.

ევროატლანტიკურ ოჯახში მოქმედებს მარტივი პრინციპი – პოლიტიკოსი, რომელიც ჩადის დანაშაულს – მაგალითად, იჭრება კონსტიტუციური ორგანოების შენობებში, აკოტრებს კერძო ბანკებს ან ტელევიზიებს, ბიუჯეტიდან იპარავს ათეულობით მილიონს და ა.შ. – არ რჩება პოლიტიკაში. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, საქართველოც იმსახურებს ამ სტანდარტს, რომლის დამკვიდრების გარეშე საქართველოში ევროატლანტიკური ხარისხის დემოკრატია ვერასოდეს ჩამოყალიბდება.

თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკოსის მიერ ჩადენილი დანაშაული პოლიტიკიდან მისი გასვლის უპირობო მიზეზად არ მიიჩნევა. პირიქით, პოლიტიკა დამნაშავეებისთვის თავშესაფრად და ერთგვარ ინდულგენციადაც კი იქცა," - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები