29 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
აშშ-ს და ევროკავშირის ელჩმა გამოთქვეს მზადყოფნა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი - ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" დიალოგისკენ მოუწოდებს

ოპოზიციურ სპექტრში მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურებები ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის არსებობას ადასტურებს და ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი.

"სრულიად ოპოზიციური სპექტრი, და ჩვენც, რა თქმა უნდა, მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და შეთანხმებისთვის. მთელი ცივილიზებული სამყარო - ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი - ყველა ჩვენი მხარდამჭერი ქვეყანა, მოუწოდებს "ქართულ ოცნებას" ხელი აიღოს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაზე, დაუჯდეს მოლაპარაკების მაგიდას.

მეგობარმა ელჩებმა, ფასილიტატორმა ელჩებმა, აშშ-ს და ევროკავშირის ელჩმა გამოთქვეს მზადყოფნა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც უნდა შეეხებოდეს ოთხივე საკითხს, რომელიც იყო წაყენებული ოპოზიციის მხრიდან,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, საერთაშორისო გამოხმაურება ქვეყანაში მძიმე პოლიტიკურ კრიზისს ადასტურებს, რაც მხოლოდ ვადამდელი არჩევნებით შეიძლება განიმუხტოს. 

"ჩვენი ის მეგობრები, რომლებიც გვეუბნებოდნენ სულ ცოტა ხნის წინ, რომ კი, იყო ხარვეზები, მაგრამ შედით პარლამენტშიო, დღეს გვეუბნებიან, მაგალითად, აშშ-ს საელჩოს განცხადებას კარგად დავაკვირდეთ, ის გვეუბნება, რომ არის საქართველოსი მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რატომაც ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს სწორედ, როცა რეჟიმი გვეუბნება, რომ არა, არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის საქართველოში და ამიტომ არ უნდა ჩავატაროთ არჩევნები. დღეს უკვე ასე დგას საკითხი, ჩვენი მეგობრები გვეუბნებიან, რომ ეს არის პოლიტიკური კრიზისი, შესაბამისად, უნდა ჩატარდეს არჩევნები და ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ვინმე გაანადგურონ ან, თუნდაც, ეს ოფისი შტურმით აიღონ,"-განაცხადა გიორგი ბარამიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე განცხადებები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, აშშ-ს კონგრესმენმა და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჯერი კონოლმა"ევროპის სახალხო პარტიამ", აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ გაავრცელეს. 

დღის ამბები