29 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
არასამთავრობოები შსს-ს მოუწოდებენ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება იქამდე შეაჩეროს, სანამ დაცვის მხარე არ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივი წერილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება იქამდე არ დაიწყოს, ვიდრე დაცვის მხარე კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას არ გამოიყენებს.

ორგანიზაციები განმარტავენ, რომ დაცვის მხარის მიერ პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია ამ ნორმის არაკონსტიტუციურობის მოტივით, კონსტიტუციური წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა და საქმის განხილვა.

"2021 წლის 17 თებერვალს, სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, აღკვეთის ღონისძიება - გირაო, პატიმრობით შეუცვალა. 18 თებერვალს, დილით განვითარებულმა მოვლენებმა და პოლიციის ქმედებებმა ცხადყო, რომ ხელისუფლება ნიკა მელიას დაკავებას საპოლიციო ძალის გამოყენებით აპირებს. ხელისუფლების ნაბიჯები ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას და კიდევ უფრო აღრმავებს დემოკრატიის კრიზისს ქვეყანაში. კრიზისის სიმძაფრეზე მიუთითებს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადება და მისი გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. შექმნილი მდგომარეობის განმუხტვის უპირველესი ვალდებულება მმართველ პოლიტიკურ ძალას და იმ ინსტიტუტებს აკისრიათ, რომლებიც მიმდინარე მოვლენებში უშუალოდ არიან ჩართული.

ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებით გამოწვეული დაძაბული მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი საშუალება სწორი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღებაა, რაც განმუხტავს არსებულ ვითარებას და ქვეყანას პოლიტიკური კრიზისის უკიდურეს ზომამდე გამწვავებას თავიდან ააცილებს. ვფიქრობთ, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ამ დაძაბულ ვითარებაშიც შესაძლებელია გამოსავლის პოვნა.

მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ დაიწყოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება იქამდე, სანამ დაცვის მხარე არ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობა არსებით სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მყისიერ, 48 საათში, გასაჩივრების უფლებას მხარეებს არ ანიჭებს. სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე გამოტანილ განაჩენთან ერთად საჩივრდება. შესაბამისად, ეს ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფლების, სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებას.

მიგვაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში აღნიშნული ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება და ამ პროცესის სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება. კერძოდ, დაცვის მხარის მიერ პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია ამ ნორმის არაკონსტიტუციურობის მოტივით, კონსტიტუციური წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სისხლის სამართლებრივი დევნა და საქმის განხილვა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდება ნებისმიერი ქმედება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. ეს იქნება არსებული მძიმე კრიზისის განმუხტვის ინსტიტუციური და ლეგიტიმური გზა," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები