29 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
ჩემი ურყევი პოზიციაა რომ ერთი ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი ღონისძიების აღსრულება თუ ეს ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მიუღებელია - გიორგი გახარია

გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილებას მიზეზად დაასახელა ის რისკები, რომლიც, შესაძლოა, ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებას მოჰყოლოდა.

მისი განცხადებით, ერთი ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი ღონისძიებების აღსრულება, თუ ქვეყანაში პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას ქმნის, მისთვის მიუღებელია. 

"ნიკა გახლავთ ადამიანი, რომელიც კანონმდებლობას პატივს არასდროს სცემდა და ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც 20 ივნისს ჩვენს მოქალაქეებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ. ის იყო პარლამენტში შეჭრის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი.

დღეს, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია  ქვეყნის განვითარების, მისი უსაფრთხოების და მომავლის რისკებს ქმნის, ჩვენ ყველანი ერთად ვებრძვით პანდემიას, კრიზისს, რეგიონალურ გამოწვევებს, და პოლარიზაციას, რათა უკეთესი მომავალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკები და როდესაც არ იარსებებს არცერთი რისკი, და არ შექმნის არანაირ საბაბს ესკალაციისთვის.

იქიდან გამომდინარე, რომ მე ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე თანამდებობიდან.

მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რადგანაც, დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და ჩვენ შორის დაპირისპირება არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავებისთვის,"-განაცხადა პრემიერმა. 

 

 

დღის ამბები