29 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ენ ლინდეს შეხვდა.

საუბრის ძირითადი თემები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა, რეგიონში არსებული ვითარება და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები იყო.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, განაგრძოს შვედეთის სამეფოსთან მჭიდრო თანამშრომლობა, მათ შორის ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად შვედურმა მხარემ ეუთოს რეგიონში კონფლიქტების გადაჭრა დაისახა. 

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საოკუპაციო ძალის პროვოკაციულ ქმედებებსა და მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, მათ შორის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეების დაკავების ფაქტებზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძის დაკავების და ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს მიერ მისთვის უკანონო პატიმრობის შეფარდების მძიმე ფაქტს.

საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების  და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატების ეფექტიან ფუნქციონირებასა და მნიშვნელობას. ენ ლინდემ საქართველოსადმი ეუთო-ს მხარდაჭერა კონფლიქტის გადაჭრასა და ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით კიდევ ერთხელ დაადასტურა.

შეხვედრისას, ასევე ყურადღება დაეთმო ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, რომლებიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების გაძლიერებას ისახავს მიზნად. 

დღის ამბები