29 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
ზურაბ ჭიაბერაშვილმა "ევროპული საქართველო" დატოვა

ზურაბ ჭიაბერაშვილმა "ევროპული საქართველო" დატოვა. მან ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

"ევროპულ საქართველოში" დღეს ცვლილებებთან დაკავშირებით პარტიის წევრების შეხვედრა იმართება. 

"31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში არაორდინალური მდგომარეობაა: პირველად საქართველოს ისტორიაში მმართველმა პარტიამ მოახერხა მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩენა.

არც იმაზე ვიდავებ – გაყალბდა თუ არა არჩევნები, არც იმაზე – მიიღო თუ არა ეს შედეგები საზოგადოებამ. ფაქტია, რომ ვაგრძელებთ ცხოვრებას გაფორმებულ ავტოკრატიაში, რომელსაც რესპუბლიკანიზმის (ხელისუფლების დანაწილება, ხელისუფლების ანგარიშველდებულება, კანონის უზენაესობა) აღარანაირი ნიშანწყალი რჩება.

თუ გვინდა, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს, ამ მძიმე რეალობის გააზრებით უნდა დავიწყოთ. ეს უნდა გაიგოს ყველამ: მოქალაქემ, მეწარმემ, ჟურნალისტმა, სამოქალაქო აქტივისტმა, პოლიტიკოსმა, ექსპერტმა, ჩვენმა საგარეო პარტნიორმა. ყველამ.

ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ჯერ კიდევ არსებობს ილუზია, რომ „ვბორძიკობთ, მაგრამ ვბორძიკობთ სწორი მიმართულებით“. სინამდვილეში, თვალს ვადევნებთ ჩვენი ისედაც სუსტი სახელმწიფოებრივი ჩანასახის თანდათანობით და მეთოდურ კვდომას.

თავს ნუ მოვიტყუებთ: უმძიმესი სოციალური კრიზისის მიუხედავად, მთავრობას ჯერ კიდევ აქვს ფინანსური რესურსი – მომავალი თაობების ხარჯზე – რომ წელს კიდევ დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარის ვალი აიღოს და საკუთარი საარჩევნო ბაზა გამოკვებოს.

ჩვენ დავედით პირველადი მოხმარების ეკონომიკაზე. სხვა ყველაფერი კვდება, განსაკუთრებით წვრილი და საშუალო ბიზნესი. ოღონდ ამით მთავრობის საარჩევნო ბაზას, რომელიც სხვადსახვა ფორმით ბიუჯეტის საწოვარაზეა მიწებებული, ჯერ ეკონომიკურად დიდად არაფერი აკლდება.

დააკლდება, როგორც კი ეკონომიკა გაიხსნება და მოხმარებასთან ერთად გაიზრდება წნეხი ლარზე.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მოითხოვენ რადიკალურ ცვლილებებს, რომ ქვეყანამ გაკოტრებამდე არ მივიდეს.

კოვიდამდე დაახლოებით 25%-ის მიერ გადახდილი გადასახადებით არსებობდა ეს ქვეყანა. ახლა ეს რიცხვიც მკვეთრად დაბლა ჩამოდის – ნაწილობრივ ბიზნესების გაკოტრების პირას ყოფნის, ნაწილობრივ კი – ხალხის მასობრივად უცხოეთში წასვლის გამო.

ხდება საქართველოს „მოლდოვიზაცია“ ან „ტაჯიკეთიზაცია“ – როდესაც ქვეყანაში რჩება პენსიონერი, სოციალურად დაუცველი და ბიუროკრატია, ხოლო ყველაზე პროდუქტული ნაწილი გადის გარეთ და მათ მიერ გადმორიცხული ფული არის ერთადერთი საშუალება – კიდევ გავიმეორებ, მთავრობის მიერ აღებულ ვალებთან ერთად – უბრალოდ, ისუნთქოს ამ ქვეყანამ. კი არ განვითარდეს, იარსებოს.

გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ ასეთ პირობებში რამე ეშველება განათლებას – სახელმწიფოს საფუძველთა საფუძველს.

ესაა ჩვენი რეალობა.

ასეთი სიტუაცია 20 ივნისის მსგავსი „აფეთქებების“ საშიშროებას კი შეიცავს, მაგრამ ჩვენი სტრატეგიული პრობლემაც ამაშია: ცვლილებებს „აფეთქებები“ თუ(!) მოიტანს და არა საზოგადოების გააზრებული და კოორდინირებული ქმედება.

თუ რადიკალური ცვლილებები გვინდა, ყველამ ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ – ოპოზიციამ, ცალკეულმა პარტიებმა, თითოეულმა პიროვნებამ. ფაქტია, რომ ამ სახით გარღვევა არ ხდება.

ამიტომ აუცილებლობად მიმაჩნია, გვერდზე გაწევით (და არა უკანდახევით), გზა დავუთმოთ მომავალ თაობას. ჩემს გარშემო უამრავ ახალგაზრდას ვხედავ, რომელსაც მე ვანდობდი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საქმეების მოგვარებას.

გამოცდილება, რაც საჯარო სამსახურში 17-წლიანი მუშაობით დამიგორვდა, ეკუთვნის იმ ქვეყანას, რომლის სამსახური ჩემთვის პატივია. სოციალური მედია იძლევა იმის საშუალებას, რომ პერიოდულად ჩემი აზრი დაინტერესებულ ადამიანებს გავაცნო.

წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქვეყანას,"- წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

 

დღის ამბები