29 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს

ამ წუთებში, პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს. ჯგუფის შემადგენლობაში ყოფნა დეპუტატებმა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შესთავაზეს, რომელთა ნაწილმა თანხმობა უკვე განაცხადა. სამუშაო ჯგუფი იმუშავებს იმ საკითხებზე, რომელიც "მოქალაქეებსა" და მმართველ გუნდს შორის გაფორმებულ მემორანდუმშია ასახული. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს პირველ მარტამდე უნდა წარედგინოს.

"მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მემორანდუმის მიხედვით ცესკოს თავმჯდომარეს განსხვავებული წესით აირჩევენ და ის თამარ ჟვანია არ იქნება. 

"ჩვენ ვიწყებთ ამ საკითხებზე მუშაობას და მის ასახვას კანონმდებლობაში, ამიტომ ყველა, ვინც დაინტერესებულია ამ პროცესით - არასამთავრობო ორგანიზაციები, დიპლომატიური წარმომადგენლები, მოწვეულნი არიან დღევანდელ სხდომაზე და ჩვენ გავუზიარებთ ჩვენს ხედვას მემორანდუმში ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით. ამ რეფორმის ფარგლებში, აბსოლუტურად განსხვავებული წესით მოხდება ცესკოს თავმჯდომარის არჩევა - ახალი კანდიდატის. რა თქმა უნდა, თამარ ჟვანია არ იქნება ეს კანდიდატი,"-განაცხადა ლევან იოსელიანმა. 

"მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ეს საარჩევნო რეფორმა იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა საქართველოსთვის. 

"ბოლოს და ბოლოს, უნდა მივიღოთ ისეთი არჩევნები, ისეთი საარჩევნო წესი, საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელსაც ვენდობით. 30 წელია გვინდა ეს და ჯერ ვერ მივაღწიეთ. ახლა რა სამუშაო შეხვედრაც არის და, ზოგადად, რაც დაიწყო და რამაც პირველ მარტამდე კანონპროექტის სახე უნდა მიიღოს და პირველ მაისამდე მოქმედი კანონის, ამ ყველაფერმა უნდა მოგვიტანოს სანდო არჩევნები, რაც, ჩემი აზრით, იქნება ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მიღწევა ამ ქვეყანაში,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მზად არიან, მიიღონ და განიხილონ ის დამატებითი წინადადებები, რომელიც სამუშაო ჯგუფის წევრებს შეიძლება ჰქონდეთ. 

"სამუშაო ჯგუფის წევრებს გავაცნობთ ჩვენს მოსაზრებებს. იცით, რომ რეფორმა, ძირითადად, დაეფუძნება იმ მემორანდუმს, რომელიც გაფორმდა "ქართულ ოცნებასა" და "მოქალაქეებს" შორის. გარდა ამისა, ჩვენ გვინდა ვთხოვოთ სამუშაო ჯგუფის წევრებს, წარმოადგინონ სხვა, დამატებით წინადადებები. იცით, რომ შემჭიდროებული ვადები გვაქვს, პირველ მარტისთვის უკვე პროექტი უნდა წარვადგინოთ,"-განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა შალვა პაპუაშვილმა. 

დღის ამბები