29 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს - სუს-ი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს. 

"აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ზაზა გახელაძის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა და მისი უკანონოდ დაკავება, რასაც მოჰყვა მრავალთვიანი უკანონო პატიმრობა გამოგონილი და აბსურდული ბრალდებების საფუძველზე.

ზაზა გახელაძის მიმართ, საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რასაც საოკუპაციო ძალები მიზანმიმართულად ამკვიდრებენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებზე.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას.

ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს. ასევე, აღნიშნული საკითხი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. ერთობლივი ძალისხმევით, კეთდება ყველაფერი, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს,"-ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ ზაზა გახელაძეს, რომელიც ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდების გამო უკანონო პატიმრობაში იმყოფება, 12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

 

დღის ამბები