ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი დღეს რუსეთში ჩავა. ჟოზეფ ბორელი მოსკოვში სერგეი ლავროვს შეხვდება. ევროკავშირის საგარეო უწყების პირველი დიპლომატი მოლაპარაკებებს რუსეთის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთანაც გამართავს.
ჟოზეფ ბორელის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაპატიმრება იქნება. შეხვედრაზე ასევე უკრაინის საკითხს და სამეზობლოში რუსეთის ქმედებებს განიხილავენ.
კიდევ ერთი თემა, რომელსაც ევროპელი დიპლომატი განიხილავს, ევროკავშირისა და რუსეთის სტრატეგიული დისკუსია იქნება. ამ დისკუსიის დაწყებას ევროკავშირი ბრიუსელში 26 მარტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გეგმავს.