29 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
იმედია რესტორნები არაკანონიერი ქმედებით დიალოგს არ გაართულებენ, დაუმორჩილებლობას მოჰყვება მკაცრი რეაქცია - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრი, რესტორნების წარმომადგენლების გადაწვეტილებას პასუხობს, რომლებიც 6 თებერვალს თვითნებურად გახსნას აანონსებენ - ნათია თურნავას განცხადებით, ნებისმიერი დაუმორჩილებლობა და ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევა სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას გამოიწვევს. 

მინისტრის განმარტებით, მსგავსი გადაწყვეტილება ხელისუფლებასა და სარესტორნო სფეროს წარმომადგენლებს შორის დიალოგის გართულებას გამოიწვევს.

ნათია თურნავა თქმით, სარესტორნო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის ნაკლებობა არ არის და მოუწოდებს მათ, თავი შეიკავონ მსგავსი თვითნებური ქმედებებისგან. 

"25 იანვარს გვქონდა საკმაოდ წარმომადგენლობითი შეხვედრა. ეკონომიკური გუნდი, ჩვენი მხრიდან ქალბატონი მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, ფინანსთა მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი ბატონი ამირან გამყრელიძე, ბიზნესომბუდსმენი შევხვდით სარესტორნო ინდუსტრიას. იქ წარმოდგენილი იყვნენ როგორც რესტორატორთა ასოციაციების ხელმძღვანელები, ასევე ცალკეული რესტორნები. გვქონდა საკმაოდ დეტალური განხილვა, როდესაც გავაცანით ის მიდგომები და კრიტერიუმები, რით ვსაზღვრავთ ამა თუ იმ ბიზნესის გახსნას და მათ შორის, სარესტორნო ინდუსტრიასთან მიმართებაში. ასევე ვიმსჯელეთ აჭარაში უკვე მომხდარ გახსნაზე, სადაც ღია სივრცეები 1 თებერვლიდან არის დაშვებული.

კომუნიკაციის ნაკლებობა ნამდვილად არ არის, გარდა ამისა, ჩვენს სამინისტროს, ტურიზმის ადმინისტრაციას პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ კომუნიკაცია ხან ონლაინ, ხან ფიზიკური შეხვედრით ტურისტულ ინდუსტრიასთან, მათ შორის, რესტორნებთან.

გასაგებია, იმის გამო, რომ რესტორნები, ჯერჯერობით, ვერ იხსნება,  მათ აქვთ უკმაყოფილება, მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, ეპიდემიოლოგიური წესების მიმართ დაუმორჩილებლობა არის მიუღებელი, ამას მოჰყვება მკაცრი რეაქცია. მაგრამ, ვინაიდან ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში პრემიერ მინისტრთან და ეკონომიკურ გუნდთან ერთად ვიხილავთ, როდის შეიძლება იგივე აჭარის მოდელი გადმოვიტანოთ დანარჩენ საქართველოზე და ვაკვირდებით ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვეძებთ გამოსავალს, აქედან გამომდინარე, ჩემი თხოვნა იქნება და იმედს გამოვხატავ, რომ რესტორნები ასეთი არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენს შორის," - განაცხადა ნათია თურნავამ

დღის ამბები