29 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები ეტყოდნენ ოპოზიციას, შედით პარლამენტში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია?! - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, "ქართული ოცნება" მზადაა "ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს" ესაუბროს. 

"ნებისმიერი დაშვება, რომ არჩევნების ნორმალურად ჩატარების შემდეგ, მხოლოდ ოპოზიციის ულტიმატუმით, ქვეყანაში ახალი არჩევნები გამოცხადდეს ან რაიმე მსგავსი სცენარი დაანონსდეს, ეწინააღმდეგება დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს. ჩვენ არ გვსურს და არ გავაკეთებთ იმას, რომ ქვეყანა კიდევ ერთი წლის განმავლობაში, ამ დესტრუქციულ, კონკრეტულ პარტიებთან დაპირისპირებაში დარჩეს და არ დავუშვებთ, რომ საქართველოს განვითარების პროცესზე ჩვენ შევინარჩუნოთ ეს დესტაბილიზატორები, რაც დღეს პოლიტიკურ პროცესში შემოიტანა ამ ორმა პარტიამ. სამაგიეროდ, ვაპირებთ ვესაუბროთ ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ არ დააკონკრეტა ის ოპოზიციური ძალები, რომელსაც, მისი თქმით, მმართველი გუნდი ფასილიტატორების გარეშეც ესაუბრება. "დღის კურიერის" კითხვას, ესაუბრება, თუ არა "ოცნება" "ლელოს", როდესაც ამას "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე კატეგორიულად უარყოფს, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ხაზარაძის გულწრფელობის ხარისხს საზოგადოება მალე შაფასებს. 

"არ ვიცი მამუკა ხაზარაძე რამდენად გულწრფელია, ამას საზოგადოება მალე დაინახავს. ბატონი ხაზარაძე იმასაც ამბობდა, რომ დასავლეთთან იმდენად მაღალი დონის კონტაქტები აქვთ, რომ ისინი დაარწმუნებდნენ დასავლეთს, რომ არჩევნები არალეგიტიმური იყო და ხელისუფლება არ იმსახურებს ხელისუფლებაში ყოფნასო. დღეს უკვე, ამ განცხადების მერე, თქვენ ნახეთ, რომ აშშ-ს მთავრობამ მიულოცა პრემიერ-მინისტრობა ბატონ გიორგი გახარიას, მიულოცეს დემოკრატიული სამყაროს პოლიტიკურმა ლიდერებმა, ასევე, დასავლეთის დემოკრატიების პარლამენტების თავმჯდომარეებმა ჩვენც, პარლამენტსაც მოგვილოცეს. ეს არის დასავლეთის დამოკიდებულება.

თქვენ როგორ ფიქრობთ, დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები ეტყოდნენ ოპოზიციას, შედით პარლამენტში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს პარლამენტი და არჩევნები არალეგიტიმურია?! გონივრული კომპრომისი არის ის, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გადამოწმების საშუალება მოლაპარაკების მაგიდაზე დევს,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

 

დღის ამბები