29 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
იქნებ თვეში ერთხელ მობრძანდეთ ჩვენს კომიტეტში და მოგვახსენოთ, რა გააკეთეთ - თეა წულუკიანი განათლების მინისტრის მოადგილეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა მოითხოვა განმარტება განათლების მინისტრის მოადგილისგან მისი ინიციატივის თაობაზე, რის მიხედვითაც ბაღების ავტორიზაციის პროცესმა 1 წლით უნდა გადაიწიოს.

თეა წულუკიანის განცხადებით, კარგი იქნება, თუ მინისტრის მოადგილე თვეში ერთხელ განათლების კომიტეტის წინაშე წარდგება და ანგარიშს მოახსენებს, თუ რა გაკეთდა.

"ეს 4 წელი რაში დავხარჯეთ, მე ვერ მივხვდი კარგად. პანდემია 4 წლის წინ არ იყო, პანდემია რაც გაჩნდა, თუ მახსოვრობა არ მღალატობს, 1 წელი არ არის ჯერ გასული. მაგრამ, დავანებოთ ამას თავი, კი ბატონო, გადავავადოთ 1 წლით, სადაც 4 წელი ვერ შევძელით, 1 წლის თავზე იქნებ ეს შევძლოთ. ჩვენ ამას ოფიციალურადაც გავაკეთებთ, მაგრამ იქნებ თვეში ერთხელ მობრძანდეთ ჩვენს კომიტეტში და მოგვახსენოთ, რა გააკეთეთ, რომ გაისად ამ დროს ისევ არ მოხვიდეთ და გადავადება არ მოითხოვოთ.

ამ ერთ წელს რომ ჩვენ მოგცემთ, 12-ჯერ მობრძანდით და აგვიხსენით: ამ თვეში ეს გავაკეთე, ამ თვეში ეს, რომ ერთი წლის შემდეგ ვიცოდეთ რაზე ვლაპარაკობთ,"-განაცხადა თეა წულუკიანმა.

განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ პარლამენტთან ამგვარი თანამშრომლობისთვის სრული მზაობა გამოთქვა. 

"პირველ რიგში, ვიტყვი, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და პირიქით, გვიხარია, რომ თვეში ერთხელ გვექნება დისკუსია და შეჯამება იმ თემებზე, თუ რა გავაკეთეთ და რა ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით. ამ ეტაპზე, უკვე გამოცხადებულია კონკურსი, სიღრმისეული კვლევა ჩატარდება და გაზაფხულზე, ზაფხულის დასაწყისში გვექნება დეტალური კვლევის ანალიზი ბაღებთან მიმართებაში,"-განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებაზე ინიციატივა წარადგინა, რომ ბაღების ავტორიზაციის პერიოდი ნაცვლად 2020 წლის 31 დეკემბრისა, გახანგრძლივდეს და განისაზღვროს 2021 წლის 31 დეკემბრით.

დღის ამბები