29 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
იმ ადამიანებთან, რომლებიც უზრდელობენ და ტყუიან, სასაუბროდ არ დავჯდები, მით უმეტეს, მათი წარსულის გათვალისწინებით - გიორგი ვაშაძე ირაკლი ოქრუაშვილისგან ბოდიშს ელოდება

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის არ აპირებს იმ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობას, ვინც შეურაცხმყოფელ და ცრუ განცხადებებს ავრცელებენ.

"ღამის კურიერში" სტუმრობისას გიორგი ვაშაძემ დაასახელა ირაკლი ოქრუაშვილი, რომელთანაც ერთ ფორმატში საუბარს არ აპირებს. მეტიც, ვაშაძე ოქრუაშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

"მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს ნამდვილად აკლია პოლიტიკური კლასიც, განვითარებაც, ცოდნაც შეიძლება აკლია, პროფესიონალიზმიც. სალაპარაკო რომ არაფერი არ აქვს, შეუძლია რომ იუზრდელოს, შეუძლია რომ ჟარგონები გამოიყენოს და ტყუილები ისაუბროს სხვაზე, რაღაცა დააბრალოს ადამიანს. ეს პროცესი არის ძალიან ცუდი. როგორც ჩანს, ზოგიერთი ადამიანი თავის ადგილს პოლიტიკაში ხედავს, რომ რაც უფრო ეპატაჟურ განაცხადს იტყვის, მით უფრო მეტს ისაუბრებენ მათზე. ამიტომაც არის, რომ მხარდაჭერა არ ექნება არასდროს ასეთ პოლიტიკოსს.

ჩვენ თანაგუნდელები არ ვართ, არც ვყოფილვართ და არც ვაპირებთ ასეთ ადამიანებთან ერთად ერთ გუნდში ყოფნას. ერთი მაგიდასთან ვისხედით იმ უფრო დიდი პრობლემის საწინააღმდეგოდ, რომელშიც ვიყავით. პირდაპირ ვამბობ, ასეთ ადამიანებთან არც არასდროს განვიხილავ თანაგუნდელობას. არის გარკვეული ტაქტიკური ნაბიჯები, რომელსაც ვდგამთ და თუ გააგრძელებენ მსგავს ქმედებებს, უნდა გადაწყვიტოს სხვა დანარჩენმა პოლიტიკურმა ძალებმა, ვისთან ითანამშრომლებენ. მე არ ვაპირებ თანამშრომლობას იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც უზრდელობენ, წითელ ხაზს გადადიან საუბარში და ტყუილებს საუბრობენ. დღეს ირაკლი ოქრუაშვილმა ჩემთან მიმართებაში ტყუილები იკადრა და ამ ტყუილებზე აუცილებლად ბოდიში უნდა მოიხადოს. ასეთ ადამიანებთან, რა თქმა უნდა, არ დავჯდები არასდროს არსად სასაუბროთ, მით უმეტეს მათი წარსულის გათვალისწინებით. ყველამ ყველას წარსული, აწმყო და მომავალი ნახოს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ "ღამის კურიერში".

დღის ამბები