თითქმის 82 მილიონი ინფიცირებული და მილიონ 800 ათასი გარდაცვლილი - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მონაცემები. კორონავირუსის სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი 3%-მდეა გაზრდილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და გაეროში აცხადებენ, რომ 2021 წელი პანდემიის დაძლევისა და მისგან განკურნების წლად უნდა იქცეს. ინფექციის შემთხვევების ზრდასთან ერთად სახელმწიფოები რეგულაციების გამკაცრებას აგრძელებენ. ესპანეთში იმ პირებს აღრიცხავენ, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრებიან.
ახალი შტამის გავრცელების შემდეგ, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა დიდ ბრიტანეთში, სადაც ბოლო 24 საათში ინფექციის რეკორდული შემთხვევების რაოდენობა გამოვლინდა. "კოვიდ-19"-ის წინააღმდეგ სამკვირიანი შეზღუდვები დააწესა პოლონეთმა. აიკრძალა დღესასწაულის პერიოდში რეგიონებს შორის გადაადგილება. დაიხურა სამთო კურორტები, სავაჭრო ცენტრები, მცირე მოლები.
აშშ-ის ექვს შტატში კი ჰოსპიტალიზების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - საავადმყოფოების უმეტესობა მძიმე პაციენტების სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფას ვეღარ ახერხებს.