29 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
გახდება თუ არა თვითმმართველობის არჩევნების შედეგი ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის ინდიკატორი - რა საკითხში ემთხვევა ალეკო ელისაშვილის და "გირჩის" ნაწილის პოზიციები

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შესაძლოა კომპრომისული შეთანხმების პირობა გახდეს - "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა "დღის კურიერში" განმარტა, რომ არ არის გამორიცხული თვითმმართველობის არჩევნები ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნის ინდიკატორად იქცეს. იაგო ხვიჩიას თქმით, იდეა სავარაუდოდ ფასილიტატორებისგან მოდის, რომლის მიხედვითვაც თუ "ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებზე 2020-ის შედეგებს ვერ გაიმეორებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩაინიშნოს. ხვიჩია ამბობს, რომ ამ ვერსიას "გირჩის" მხარდაჭერა ექნება.

იქნება თუ არა კომპრომისული ვარიანტი თვითმმართველობის არჩევნებზე ფსონის გაკეთება პარტია "მოქალაქისთვის" უცნობია. პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს ღიად განაცხადა, რომ "გირჩის" წევრებთან კონსულტაციები აქვს. ლევან იოსელიანის მტკიცებით, კოლეგებთან ძირითადად თვითმმართველობის არჩევნების ნიუანსებზე მსჯელობს, რაც მოლაპარაკებების პროცესში ორივე პარტიისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.

მეხუთე რაუნდამდე პარტიებს შორის კონსულტაციებს ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევენ სხვა ოპოზიციურ ძალებში. "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებელში" ფიქრობენ, რომ შეხვედრების საგანი - თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე დამოკიდებული ვადამდელი, ხაზარაძის სერბული მოდელი და კიდევ ბევრი კომპრომისული თემა შიძლება გახდეს.

თვითმმართველობისა და ვადამდელი არჩევნების საკითხის რაიმე სახით გადაკვეთას მმართველ გუნდში გამორიცხავენ. უმრავლესობის ლიდერები ამბობენ, რომ რეალურ პირობებზე დათანხმება ოპოზიციის ინტერესში არ შედის და ოპონენტები ამ გზით პოლიტიკურად კვაზი პრაქტიკის დამკვიდრებას ცდილობენ. ოცნებაში ამბობენ, რომ ამომრჩევლის ნების რევიზია პარტიაში არ განიხილება

შეთანხმების ალტერნატიულ გეგმებთან დაკავშირებით ნეგატიურია ლეიბორისტული პარტიის, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" პოზიცია. პოლიტიკურ ძალებში ფიქრობენ, რომ კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ვადამდელი არჩევნები, პატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის რეფორმირება შეიძლება გახდეს.

ოპონენტებს დღეს საპარლამენტო საქმიანობის დაწყებისკენ მოუწოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც. გიორგი გახარია ოპოზიციას ამომრჩევლის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესრულებას ურჩევს. პრემიერის აზრით, პანდემიის პირობებში პოლიტიკოსებმა მათ მიმართ არსებული პასუხისმგებლობაც სრულად უნდა გაიაზრონ.

შეძლებს თუ არა კონსულტაციების შედეგად ოპოზიცია კომპრომისული მოთხოვნის შეჯერებას ჯერჯერობით უცნობი რჩება. რამდენად მოახერხებს ოპოზიცია და ხელისუფლება პოზიციების დაახლოებას, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის შემდეგ გახდება ცნობილი.

დღის ამბები