29 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
ფასის ზრდის ის წინაპირობა, რაც შეიძლება ტარიფის ზრდის გამო ყოფილიყო, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებით მოიხსნება - ლევან დავითაშვილი

სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა პირველადი მოხმარების სურსათზე ფასების ზრდას არ გამოიწვევს, რადგან სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას იწყებს.

​როგორც მინისტრმა "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, სახელმწიფო კომპანიებს ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის ნახევარს მთელი 2021 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს. 

"რაც პირველადი მოხმარების სურსათია, სახელმწიფომ ამის იდენტიფიცირება მოახდინა, ბუნებრივია, ყველაფრის სუბსიდირებას ვერ გავაკეთებთ, რადგან რესურსები შეზღუდულია. ფული, რომელსაც ჩვენ ვხარჯავთ, მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა გადავანაწილოთ, მაგრამ, პირველადი საჭიროების სურსათი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, იმისთვის, რომ პანდემიის ეს პრობლემური პერიოდი გავიაროთ მაქსიმალურად უმტკივნეულოდ, სახელმწიფოს მხრიდან იქნება სუბსიდირებული. ამიტომ, ის მნიშვნელოვანი წინაპირობა ფასის ზრდის, რაც შეიძლება ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის გამო ყოფილიყო, სახელმწიფოს მხრიდან იქნება მოხსნილი, ყოველ შემთხვევაში, შერბილებული,"- განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო სუბსიდირების პირობებში პურის დღევანდელი ფასი მარტამდე შენარჩუნდება, შემდეგ კი საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, ხორბლის ახალი ფასი დადგინდება. 

"იმ დროს, როდესაც დავინახეთ, რომ ჩვენი მარაგების ფასი კრიტიკულად მაღალი იყო და პურის გაძვირების ობიექტური პირობები ჩნდებოდა, ჩვენ აქაც სუბსიდირებას მივმართეთ. ეს იყო ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ფართო მოხმარების პურზე ფასი შეგვენარჩუნებინა. ამას ვინარჩუნებთ ჩვენ მარტის ჩათვლით, იმ დრომდე, ვიდრე ხორბალზე ახალი საპროგნოზო მონაცემები იქნება და შესაბამისად, ახალი ფასები ჩამოყალიბდება, ისე, რომ მოსახლეობისთვის ეს დამატებითი ტვირთი არ იყოს,"- განაცხადა მინისტრმა. 

 

დღის ამბები