29 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
შეცდომაა, როდესაც ოპოზიცია უსახელებს რაიმე თარიღს, თუნდაც 2022-ს, პროცესიდან გამოსვლის ერთადერთი შანსია, თავად დაასახელონ თარიღი - თაკო ჩარკვიანი 

"კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი "დღის კურიერში" სტუმრობისას გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მოლაპარაკების დროს ფასილიტატორმა ელჩებმა გააჟღერეს - თუ "ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებზე 48% აიღებს, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებიც რეალურია და არ გაყალბებულა.

თაკო ჩარკვიანი ასევე გამოეხმაურა დღეს "დღის კურიერში"  "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ შეიძლება ერთგვარ პლებისციტად იქცეს თვითმმართველობის არჩევნები.

"გააჩნია როგორ მიდიხარ შენ იმ თვითმმართველობის არჩევნებთან. მე არ მინდა, რომ რადიკალური ვიყო. მე ვერავის ვერ ვუბრძანებ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე თქვით უარი. გააჩნია რას გთავაზობს და რითი მიდიხარ. მიდიხარ უკვე შეცვლილი სისტემით, არარსებული თამარ ჟვანიათი. მე რა არ მომწონს იცით, გამყალბებელი გაყენებს ასეთ მდგომარეობაში, ფასილიტატორები ცდილობენ რაღაც გამოსავალი იპოვონ და ეს ნორმალურია. ჩვენც ამას ვცდილობთ. განხილვის ღირსი ეს საკითხი არის. მე პირადად გითხარით, რატომ არ ვეთანხმები.

საარჩევნო სისტემის შეცვლა ეს არის ისეთი რამ პოლიტიკაში და ისეთი სირცხვილია, რომ ჩვენ ასეთი საარჩევნო სისტემა გვაქვს და ეს დავაყენოთ ჩვენ ამხელა გაყალბების საპირწონედ და ეს მოგებად ჩათვალოს ოპოზიციამ, ეს არის არანორმალურობა, ეს ისედაც ასე უნდა მოხდეს. ადგილობრივი არჩევნები იქნება თუ არა, ჩვენ უნდა მივიდეთ ჟვანიების და ამ ტიპის სისტემის გარეშე. ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი. თუ ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა იმ რეფორმებს, რაზეც ჩვენ ვთანხმდებით, ერთი წამით არ გავჩერდები ქართულ პოლიტიკაში. იმიტომ, რომ მერე გამოჩნდება ისეთი ოპოზიციონერი, რომელიც მეტყვის, რომ შენ ისეთივე მონსტრად იქეცი, როგორც წინა ხელისუფლებაო. ახლა ჩვენ რასაც ვთავაზობთ, ჭკვიანი ხელისუფალი უნდა დასთანხმდეს, თუ მას სურს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე საერთოდ ისაუბროს ოპოზიციამ, თავად დაიწყოს თარიღზე საუბარი. ოპოზიციის მიერ შეთავაზებული თარიღი, ეს არის დიდი შეცდომა, არ არის სწორი პოლიტიკურად. ჩვენ ახლა არ უნდა შევირყეთ, ამ ბრძოლაში პროცესი გამარჯვებას თავად მოიტანს გამარჯვებას ხალხისთვის," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.

ჩარკვიანის თქმით, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი შანსია, მმართველმა პარტიამ თავად დაასახელოს თარიღი, აი ამ თარიღის განხილვა უკვე მაგიდასთან, ხალხის ჩართულობით უნდა მოხდეს.

"აქ ჯიბრი და ჩაჯინება კი არ არის და არც არავის არ ეხალისება, ჩვენ იმიტომ ვწვალობთ ამდენს, რომ რაღაც კარგი მივიღოთ და კარგი ქვეყნისთვის გამორიცხულია საფანელი იყოს სიყალბე, დარღვევა კონსტიტუციის და შენ ამ დარღვევაზე ზედნაშენი გააკეთო.

ეს ვერ იქნება გორდიას კვანძის გახსნა და ვერავინ ულტიმატუმს ასე ვერ დაგიყენებს. ერთადერთი, რაც შეიძლება იყოს კვანძის გახსნა, ეს არის თავად გამოაჩინოს თარიღი ხელისუფლებამ. შეცდომა არის, როდესაც ოპოზიცია უსახელებს რაიმე თარიღს, თუნდაც 2022-ს. არ არის ეს ჩვენი საქმე. პროცესი, რომელშიც თავად შეიყვანა ხელისუფლებამ საზოგადოება, პროცესიდან გამოსვლის ერთადერთი შანსი არის, რომ თავად დაასახელოს თარიღი, აი ამ თარიღის განხილვა უკვე მაგიდასთან, ხალხის ჩართულობით უკვე სწორია. ხალხის გარეშე ჩვენ, ან ალეკო ელისაშვილი, ან ხაზარაძე, ან რომელიმე "ნაციონალური მოძრაობიდან", ჩვენ ვინ ვართ?! ხალხის მოცემული ხმა გაყალბდა თუ არ გაყალბდა, ეს სხვა თემაა," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

დღის ამბები