29 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
სამწუხარო, თუმცა აუცილებელი - როგორ აფასებენ ექსპერტები ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას

სამწუხარო, თუმცა აუცილებელი გადაწყვეტილება - ასე აფასებენ ექსპერტები ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას.

ენერგეტიკოს გია არაბიძის შეფასებით, დღეს დადგინდა ტარიფის ზრდის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც ელექტროენერგიის მომწოდებელ კომპანიებს გამართული მუშაობისთვის სჭირდებათ. 

"ცალსახად, სხვა გზა არ იყო, თუ გვინდოდა, რომ შეგვენარჩუნებინა ის სიტუაცია, დღეს რომ გვაქვს. მნიშვნელოვანი ზეწოლა ტარიფზე მოახდინა ლარისა და დოლარის იმ შეფარდებამ, რომელიც დღეს გვაქვს. ამ თანაფარდობიდან და კიდევ სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ორივე კომპანიას გაეზარდა შესასყიდი ელექტრული ენერგიის ფასი. მიმაჩნია, რომ ტარიფი, რომელიც დღეს იქნა დადგენილი, არის ტარიფის ზრდის ის მინიმალური რაოდენობა, რითაც უნდა მოახერხონ ენერგოკომპანიებმა შეინარჩუნონ დღევანდელი სიტუაცია და მოგვამარაგონ ელექტროენერგიით,"- განაცხადა გია არაბიძემ. 

ექსპერტ გიორგი აბულაშვილის შეფასებით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ქვეყნის ენერგოდამოკიდებულება სულ უფრო იზრდება. 

"ელექტროენერგიის ტარიფების გაძვირება სამწუხარო, მაგრამ, ჩემი აზრით, გარდაუვალი გადაწყვეტილებაა, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის ენერგოდამოკიდებულება იზრდება. იმპორტი გულისხმობს ავტომატურად, რომ ან ენერგიის შეძენა ხდება ვალუტის მეშვეობით, ვალუტის კონვერტაციის კურსი უარყოფითად იცვლება ლართან მიმართებაში, შესაბამისად, რომ არ მოხდეს კომპანიების და ენერგეტიკული სექტორის დეგრადაცია, საბოლოო გასაყიდი ფასის ცვალებადობა, სამწუხაროდ, გარდაუვალი იყო,"- განაცხადა გიორგი აბულაშვილმა. 

ენერგეტიკის საკითხებში ფონდ "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" დირექტორის  მურმან მარგველაშვილის განცხადებით, ენერგიის მიწოდების ღირებულება მისი ფასის ადეკვატური უნდა იყოს. 

"უნდა ვიცოდეთ და ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ღირებულება და ტარიფი. სამწუხაროდ, ჩვენ ისეთი მიდგომა გვაქვს, შედარებით ზედაპირული - გვინდა, რომ ტარიფი იყოს იაფი და არ ვუყურებთ რეალური ღირებულება რამდენია და რამდენს ვიხდით. ახლაც, როგორც ჩანს, სახელმწიფო აპირებს გადახდას მომხმარებლების ნაცვლად,"- განაცხადა მურმან მარგველაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ "თელასის" და "ენერგო-პრო ჯორჯიას" საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება. ამასთან, გაიზარდა წყლის ღირებულებაც. 

გადაწყვეტილება ძალაში პირველი იანვრიდან შევა. დღეს სემეკმა კომპანიების მოთხოვნით, კომუნალურ გადასახადებზე ახალი ტარიფი დაადგინა, სხვადასხვა შემთხვევაში მატება განსხვავებულია.

დღის ამბები