29 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
ამნისტია პოლიტიკური აქტია, სახალხო დამცველი ვერ იტყვის, რომელ მუხლს უნდა შეეხოს ამნისტია - ომბუდსმენის პასუხი თეა წულუკიანს 

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დეპუტატ თეა წულუკიანის კრიტიკას "ფეისბუკზე" გამოქვეყნებული პოსტით პასუხობს.

თეა წულუკიანმა დღეს ომბუდსმენის ოფისი ამნისტიის შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვებზე დაუსწრებლობისთვის გააკრიტიკა. 

როგორც ნინო ლომჯარია საკუთარ "ფეისბუკ" პასუხში განმარტავს, ამნისტია პოლიტიკური აქტია და მასში ჩარევის ან მითითების უფლება ომბუდსმენს არ აქვს. 

"იმის გამო, რომ სახალხო დამცველს ამნისტიის კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, ქ-ნ თეა წულუკიანს პარლამენტში უთქვამს, სახალხო დამცველი არ გვყავსო. შეიძლება განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს არა აქვს ინფორმაცია სახალხო დამცველის მანდატზე და ადამიანის უფლებების სტანდარტებზე, ამიტომ განვმარტავ, რომ:

• ამნისტია პოლიტიკური აქტია. ადამიანის უფლებათა სამართლიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი ვერ იტყვის, თუ რომელ მუხლს უნდა შეეხოს ამნისტია, რადგან, კიდევ ერთხელ, ამნისტია არის პოლიტიკური აქტი!

• ქალბატონი თეა თავად შეეხო პირობით ვადამდე გათავისუფლების პრობლემურობის საკითხს. ნამდვილად, წლების განმავლობაში ეს ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა! აღნიშნულს არაერთი ანგარიში თუ რეკომენდაცია მივუძღვენით, რომლებიც გადაეგზავნა როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე პარლამენტს, თუმცა, "პატიმრებზე მზრუნველი" მინისტრის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ სთავაზობს და მოუწოდებს პარლამენტის ცალკეულ წევრებს, პოლიტიკური განცხადებების კეთების ნაცვლად, მოიძიონ ჩვენ მიერ წარდგენილი ანგარიშები, რომელიც თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პირთა უფლებრივ მდგომარეობას შეეხება და საპარლამენტო ფორმატებში აქტიურად განიხილონ!" - წერს სახალხო დამცველი.

დღის ამბები