29 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
გაიზრდება თუ არა დენის ფასი - ახალი ტარიფის შესახებ სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი

რეგიონებში მცხოვრებ 1 200 000-ზე მეტ აბონენტს შესაძლოა ახალი წლიდან ელექტროენერგიის უკვე გაზრდილი ტარიფის გადახდა მოუხდეს.

სამომხმარებლო ტარიფის ზრდის აუცილებლობაზე ”ენერგო-პრო ჯორჯია” ღიად საუბრობს. ამბობენ, რომ თუ გადასახადი არ გაიზრდება, კომპანია ოპერირებას ვეღარ შეძლებს, მილიონზე მეტი აბონენტი კი შესაძლოა ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ პრობლემის წინაშე დადგეს. ”ენერგო-პრო ჯორჯია” მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას ელოდება.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მარეგულირებელი კომისია, ეს ხვალინდელ სხდომაზე გახდება ცნობილი. სემეკის თავმჯდომარის თქმით, ”ენერგო-პრო ჯორჯიასთან” ერთად მარეგულირებელმა კომისიამ ”თელასთან” დაკავშირებითაც უნდა იმსჯელოს. შესაძლოა, დენზე ტარიფის ზრდა დედაქალაქში რეგისტრირებულ 650 000-ზე მეტ აბონენტსაც შეეხოს.

"ქართულ ოცნებაშიც" ხვალინდელ დღეს და სემეკის გადაწყვეტილებას ელოდებიან. აქვე არსებულ სუბსიდირების პროგრამაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ის დაგეგმილ ვადებში იმოქმედებს.

გაიზრდება თუ არა დენის ტარიფი ქვეყნის მასშტაბით, ეს ხვალ გახდება ცნობილი. გადასახადის გადახედვის შემთხვევაში ის მომდევნო 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს, ამის შემდეგ კი ენერგეტიკის სფეროში არსებული კანონმდებლობის მოდერნიზება მოხდება და იგივე ტარიფი, სავარაუდოდ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში დარჩება. 

დღის ამბები