29 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
ეს დაკავშირებულია მაფიასთან, რომელიც აშენებს ჰესებს, პირდაპირ დათქმა არის, რომ ტარიფები უნდა გაიზარდოს 30-35 თეთრამდე - გიორგი გუგავა ტარიფის შესაძლო გაზრდაზე

ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაძვირება უკვე გახდა ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების მისამართით ბრალდების საფუძველი. როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, არჩევნებამდე ხელოვნურად აკავებდნენ ამ პროცესს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი არ გაზრდილიყო.

"ლეიბორისტული" პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ ელექტროენერგიის საფასური აბსოლუტურად ყველაფერში შედის, რის შედეგადაც ფასების კატასტროფული ზრდა მოხდება. მისი აზრით, ეს ქვეყანაში სოციალურ კოლაფსს გამოიწვევს.

"ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ მაფიასთან, რომელიც მომჯდარია, მათ შორის ივანიშვილთან, რომელიც აშენებს ჰესებს, სადაც პირდაპირ დათქმა არის, რომ ტარიფები უნდა გაიზარდოს 30-35 თეთრამდე," - აცხადებს გიორგი გუგავა.

თუმცა თუ გავითვალისწინებთ ლარის კურსის გაუფასურებასაც, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება იყო გარდაუვალი.

"მეგობრებო, ლარის კურსს შეხედეთ, რანაირად შეიძლება ამ კურსის პირობებში რაიმე ტარიფი დავიჭიროთ და რატომ ხდება ლარის კურსის გაუფასურება? იმიტომ, რომ არანაირი ეკონომიკური პროექტი არ გვაქვს, არანაირი ინიციატივა, რომელიც ინვესტიციებს მოიზიდავს. კორონავირუსზე ისე ლაპარაკობენ, გეგონება საქართველოს ეკონომიკა კორონავირუსმა ჩამოშალა. კორონამდე რა, კარგად ვცხოვრობდით? არ გვშიოდა? არ იყო ეს მძიმე ვითარება? 3-ზე არ იყო მისული ლამის ლარის კურსი?

ეს რეალობაა და ეს ყველაფერი რომ შევცვალოთ, ამას სჭირდება ხელისუფლების ცვლილება,"- განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები