29 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
ტურიზმის საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესი 2021 წლის ქონების გადასახადის ვალდებულებისგან თავისუფლდება - ბექა ლილუაშვილი

კორონავირუსის გავრცელების ფონზე, მმართველი გუნდის მიერ დაპირებული საგადასახადო შეღავათები საკანონმდებლო ინიციატივის სახით მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

ცვლილებებით, შესაძლებელი ხდება გადასახადის გადამხდელებმა დისტანციურად, დავის განმხილველ ორგანოში მისვლის გარეშე, საჩივრის განხილვის პროცესში მიიღონ მონაწილეობა.

ამასთან, 1-ელი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში, გრძელდება საშემოსავლო გადასახადში დაწესებული შეღავათის მოქმედება.

კერძოდ, დამქირავებელი უფლებამოსილი ხდება ბიუჯეტში არ გადაიხადოს დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული საშემოსავლო, თუ ამ დაქირავებულის ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება.

გაგრძელდება ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურების დღგ-ით დაბეგვრის შესაძლებლობა შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში.

დეპუტატი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ პანდემიამ სწორედ ტურიზმის სექტორს მიაყენა ზიანი.

"ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი დაზარალდა პანდემიის შედეგად, სწორედ ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ტურიზმის სექტორის მხარდაჭერას. ასევე 2021 წლის ქონების გადასახადის ვალდებულებისგან თავისუფლდება ტურიზმის საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესი და ასევე თავისუფლდება გადავადებული საშემოსავლო გადასახადისაგან,"- აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

დღის ამბები