29 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
ელენე ხოსტარიას არ უნდა, იმ სამ ლიდერს, რომელმაც პარტია პოლიტიკურ სამარეში ჩაიყვანა, თვითონაც ჩაჰყვეს - ლევან იოსელიანი

პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი ელენე ხოშტარიას "ევროპული საქართველოდან" წასვლას ეხმაურება. მისი განმარტებით, ეს პროცესი არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ და აღნიშნულ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, რაღაც წინაპირობა ჰქონდა.

როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, მისი აზრით, ელენე ხოშტარიას არ უნდა იმ სამ ლიდერს, რომელმაც ეს პარტია პრაქტიკულად პოლიტიკურ სამარეში ჩაიყვანა, თვითონაც ჩაჰყვეს.

წამყვანის კითხვას- ისურვებდა თუ არა "მოქალაეების" პარტია ელენე ხოშტარიას საკუთარ რიგებში ნახვას ლევან იოსელიანი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე, მათ საერთო გადაკვეთის წერტილები არ გააჩნიათ, თუმცა, მისივე თქმით, მომავალში არაფერია გამორიცხული.

"მიზეზი ნამდვილად ჩემთვის უცნობი არის, უბრალოდ, ფაქტი არის, რომ ეს პროცესი არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ, ალბათ ამას ჰქონდა თავისი წინაპირობები.

ზოგადად ვიტყვი, ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ეს პარტია არის ხელმოცარული პარტია და მასთან იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც რაღაცა პოლიტიკური პერსპექტივა უნდა ჰქონდეთ, მემგონი, უბრალოდ, არ უნდათ ასოცირება და ცდილობენ, რომ დისტანცირება მოახდინონ. იგივე გააკეთა ელენემ. ელენე აქტიური ადამიანია და ვფიქრობ, მას აქვს პოლიტიკაში წარმატების მიღწევის პერსპექტივა, შესაბამისად, არ უნდა, იმ სამ ლიდერს, რომელმაც ეს პარტია პრაქტიკულად, პოლიტიკურ სამარეში ჩაიყვანა, ჩაჰყვეს თვითონაც.

ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს საკმაოდ განსხვავებული ხედვები და საკმაოდ განსხვავებული პოზიცია მთელ რიგ საკითხებში. კი, ალეკომ დაუჭირა მას რამდენჯერმე მხარი იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ არის აქტიური და გამორჩეული ადამიანი, მაგრამ ამ ეტაპზე, ვერ ვხედავ იმ რესურს, რომ რაღაცა საერთო გადაკვეთის წერტილები გვქონდეს, თუმცა სამომავლოდ არაფერი გამორიცხული არ არის, პოლიტიკაში ხდება რაღაც გადაადგილებები, თუმცა, ელენეს წარმატებას ვუსურვებ იქ, სადაც გააგრძელებს თავის მოღვაწეობას," - აცხადებს ლევან იოსელიანი.

დღის ამბები