29 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
წინასწარი პატიმრობა პოლიციის მაღალჩინოსანს - პროკურატურის მტკიცებით, ვანო ზანდარაშვილი გათავისუფლების შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედებებს ხელს შეუშლიდა

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისთვის ბრალდებული პოლიციელი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ის არგუმენტები გაითვალისწინა, რომლის მიხედვითაც, ბრალდების მხარის მტკიცებით, ვანო ზანდარაშვილი გათავისუფლების შემთხვევაში, საგამოძიებო მოქმედებებს ხელს შეუშლიდა.

ხელის შემშლელ ფაქტორებად პროკურორმა, სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების განადგურება, მოწმეებზე ზეწოლა და მიმალვის საფრთხე დაასახელა.

გაასაჩივრებს თუ არა ვანო ზანდარაშვილის ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებას, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადვოკატს განჩინება ჩაბარდება. დღევანდელ პროცესზე კი არჩილ ბერიანიძე აღმკვეთ ღონისძიების, პატიმრობის შეცვლას 10 000 ლარიანი გირაოთი ითხოვდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს.

შემდეგი სასამართლოს სხდომა 18 თებერვალს დაინიშნა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებული პოლიციელს 7- 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები