29 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
ახალი შტამის კვლევა - ქვეყანაში 3 პაციენტი, სავარაუდოდ, კორონავირუსის სახეცვლილი შტამით არის ინფიცირებული

ლუგარის ლაბორატორია კორონავირუსის ახალი შტამის 3 საეჭვო შემთხვევას იკვლევს. არსებობს ეჭვი, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი ქვეტიპი დაფიქსირდა. სპეციალისტებმა ლაბორატორიული კვლევების დროს ისეთი ნიმუშები აღმოაჩინეს, რომელიც საქართველოში უკვე გავრცელებულ ტიპიურ ჯგუფს არ ჰგავს.

ექიმები ამ ეტაპზე დაზუსტებით მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ეს ძველი შტამი არ არის, თუმცა რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ამას დამატებითი კვლევები სჭირდება. რამდენიმე დღის წინ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმაც დაადასტურა, რომ ქვეყანაში საეჭვო შემთხვევები დაფიქსირდა.

იმ 3 პაციენტიდან, რომელთაც სავარაუდოდ კორონავირუსის სახეცვლილი ფორმა აქვთ, ერთ-ერთი კოვიდ კლინიკაში გადის მკურნალობას. ამის შესახებ ინფორმაცია "კურიერს" ინფექციონისტმა მაია ზალდასტანიშვილმა მიაწოდა.

საქართველოში მუტირებული ვირუსის სავარაუდო გავრცელების შესახებ "კურიერთან" ინტერვიუში სხვა სპეციალისტებიც საუბრობენ. როგორც გიორგი ღოღობერიძე ამბობს, ცუდი თვისება ახალ შტამს ის აქვს, რომ ადამიანიდან ადამიანზე მარტივად გადადის და არ არის გამორიცხული, შემთხვევების მატებამ კლინიკების კიდევ უფრო გადატვირთვა გამოიწვიოს. ექიმი-რეზიდენტი ვარაუდობს, რომ კოვიდ ვაქცინა მუტირებული ვირუსის პრევენციას მოახდენს.

კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში შესაძლოა დაგეგმილზე ადრე შემოვიდეს. მოლაპარაკებები 4 ქვეყანასთან მიმდინარეობს, მათ შორის ერთ-ერთი პოლონეთია, რომელიც საქართვლოს 4 ათას ერთეულ ასტრა ზენეკას მიერ წარმოებულ ვაქცინას სთავაზობს. მხარეებს შორის კონსულტაციებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ჩართულია და "კურიერთან" ინტერვიუში მინისტრის პირველი მოადგილე ამბობს, რომ ვაქცინა შესაძლოა უკვე მარტის პირველი დღეებიდან დაიწყოს.

დღის ამბები