29 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ყრილობა იწყება - დელეგატებმა ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ

ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ყრილობა იწყება. პარტიის წევრებმა და დელეგატებმა თავმჯდომარე უნდა დაამტკიცონ. გრიგოლ ვაშაძეს ამ პოსტზე ნიკა მელია შეცვლის, რომელმაც ელექტრონულ კენჭისყრაში, თითქმის 65 პროცენტი აიღო. პარტიის ინფორმაციით, არჩევნებში, 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილება.

პარტიის ყრილობაზე 306 დელეგატი დარეგისტრირდა. ყრილობაში ონლაინ მიიღებს მონაწილეობას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დელეგატებს სიტყვით მიმართავს.

"ახალ თავმჯდომარესთან ერთად, ბუნებრივია ველოდებით ცვლილებებს პარტიაში. პარტიის ცხოვრებაში დაიწყება ახალი ეტაპი, ვგულისხმობ როგორც შიდა პარტიულ მუშაობას, ასევე ჩვენ კომუნიკაციას სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. უახლოეს პერიოდში პარტიის თავმჯდომარე წარმოადგენს თავის სტრატეგიას და გეგმას, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წელი ქვეყნის ცხოვრებისთვის და შესაბამისად, "ნაციონალური მოძრაობაც" აქტიურად იქნება ჩართული ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.

"ნიკა მელიასთვის მნიშვნელოვანი იქნება ახლა, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აქამდე იყო "ნაციონალურ მოძრაობაში" და იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ახლა შემოვა პარტიაში, გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად შექმნას წინააღმდეგობის საერთო ფრონტი იმის წინააღმდეგ, რაც დღეს ხდება საქართველში. ჩვენი მოვალეობაა არ დავუშვათ დიქტატურა საქართველოში და ქართველ ხალხს აღუდგეს უფლება, სამართლიან არჩევნებში, თავისთვის სასურველი ხელისუფლების არჩევისთვის,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური.

დღის ამბები