თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში მკვლელობის საქმეზე დაკავებული სამართალდამცველის ადვოკატს ელოდებიან, სადაც ბრალის წარდგენის პროცედურა უნდა დაიწყოს.
თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილი დანაშაულს არ აღიარებს.
მოკლულის ნათესავები "კურიერთან" ყვებიან, რომ ზურაბ საჩიშვილი უკონფლიქტო ადამიანი იყო.
"ზურამ მძღოლი გამოიძახა, რომ სახლში წამოსულიყო. მძღოლმა დააგვიანა, იძულებული გახდა ჩაჯდომოდა ამ ადამიანს მანქანაში, რადგან ესეც თელავში ბრუნდებოდა იყალთოდან. ჯერჯერობით მიზეზი არ ვიცით, ველოდებით გამოძიების ოფიციალურ ვერსიას, ამის შემდეგ შემიძლია გავაკეთო კომენტარი. ერთი ის ვიცი, რომ ზურა იყო უკონფლიქტო ადამიანი, არ გამოვრიცხავ ავიყვანოთ ადვოკატი, ჯერჯერობით საფუძველი არ მაქვს, რომ ვთქვა, გამოძიება არასწორად მიდის. 108-ე მუხლით ფაქტზე დაიწყო გამოძიება, არ არის გამორიცხული გადაკვალიფიცირდეს,"- უთხრა "კურიერს" ზურაბ საჩიშვილის ნათესავმა აკაკი საჩიშვილმა.
ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს სასიკვდილო ჭრილობა, წინასწარი ინფორმაციით, სამართალდამცველმა მანქანაში მიაყენა.
თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიშვილი 26 დეკემბერს, სოფელ იყალთოში მოკლეს.