29 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
"ზედმეტად დიდ როლს ვანიჭებთ ელჩებს" - ანა დოლიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციამ ტემპერატურა უნდა აწიოს

მოძრაობის ”ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე ამბობს, რომ ელჩების მოწოდებები და რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, თუმცა ისინი არიან დიპლომატები და არა პოლიტიკური სტრატეგები, შესაბამისად, მათი მოწოდებებიც დიპლომატიური იქნება. ამის შესახებ ანა დოლიძე "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს. 

ანა დოლიძე ამბობს, რომ ის ისურვებდა, საქართველოს პრეზიდენტს ჰქონოდა იმის შესაძლებლობა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შუამავლობა გაეწია. 

"რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, ისინი არიან დიპლომატები. ესენი არ არიან პოლიტიკური სტრატეგები. ჩემი პერსპექტივით, ზედმეტად დიდ როლს ვანიჭებთ ელჩებს, სხვათა შორის, შიდა პოლიტიკურ პროცესებში.

უშუალოდ, ტაქტიკურ ეტაპებზე, ელჩები რომლებიც გვთავაზობენ ძალიან სერიოზულ მხარდაჭერას და სერვისს, მე უფრო კმაყოფილი ვიქნებოდი როგორც საქართველოს მოქალაქე, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, მათ შორის, ქალბატონ პრეზიდენტს რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ გასწიოს ეს შუამავლობა. რატომ უნდა გვჭირდებოდეს ჩვენ ელჩების შუამავლობა," - ამბობს ანა დოლიძე. 

დოლიძე ამბობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის პარალელურად, ოპოზიციამ უნდა გააძლიეროს წნეხი ხელისუფლებაზე, მათ შორის, მშვიდობიანი ქუჩის აქციების მეშვეობით.  

"უცილებლად, ამ რაუნდების პარალელურად, ოპოზიციამ უნდა გააძლიეროს წნეხი ხელისუფლებაზე, იმიტომ რომ ხელისუფლებამ არ ისარგებლოს ამ შექმნილი ვითარებით და არ დააბრალოს ოპოზიციას, რომ ხომ ხედავთ, ქვეყანაში არაფერი არ კეთდება და არის თქვენი ბრალი.

უნდა აწიონ ტემპერატურა, მე მზად ვარ ამაში მონაწილეობა მივიღო. ყველანაირი პროტესტის მეშვეობით, მშვიდობიანი და კანონიერი პროტესტის მეშვეობით... რაუნდები უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივად და რაუნდები შედეგს მოიტანს უფრო სწრაფად, თუ "ქართული ოცნება" იქნება წნეხის ქვეშ,“ - ამბობს ანა დოლიძე.

 

დღის ამბები