29 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
ვისურვებდი მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა ქვეყნის ინტერესებისთვის გაერთიანება შეგვძლებოდეს - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძემ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან დიდი სტიმულია ადამიანების განწყობა და დამოკიდებულება.

"ჩემი, როგორც მერის ამოცანაა, თბილისი იყოს მწვანე, მოწესრიგებული ტრანსპორტით, უკეთესი სოციალური დაცვის მექანიზმებით, ძლიერი ეკონომიკით, მოწესრიგებული განაშენიანებით, კომფორტული და სიცოცხლით სავსე ქალაქი.

მერწმუნეთ ეს მხოლოდ ჩემი, როგორც მერის ამოცანა არ არის, ეს პირადი ამბიცია და მიზანიც გახლავთ, რომ თბილისი ბევრად უკეთესი იყოს, ვიდრე წინა წლებში, რათა ჩვენს მომავალ თაობებს კომფორტული, ევროპული ტიპის, ისტორიით, ტრადიციებით, სიმწვანითა და სიცოცხლით სავსე ქალაქი დავუტოვოთ.

თბილისმა, პირადად მე ძალიან ბევრი რამ მომცა. დაწყებული ადამიანებით, დამთავრებული იმ ემოციებითა და ურთიერთობებით, რაც ზრდასრულ ადამიანებად გვაყალიბებს, ადამიანებად, რომლებიც ერთმანეთზე, საკუთარ ქუჩაზე, უბანზე, ქალაქზე ვართ პასუხისმგებლები. ძალიან ამაყი ვარ, რომ მომიწია ჩემი ქვეყნა მსოფლიო ასპარეზზე მესახელებინა. გამეტანა საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ. ახლა კი, მაქვს პატივი ჩემს ქალაქსა და მოქალაქეებს ვემსახურო ჩემს გუნდთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად ვინც ყოველდღიურად შრომობთ, ენერგიას არ ზოგავთ ამ ქალაქის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის აკეთებთ მაქსიმუმს. ის განწყობა და დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვგრძნობთ ყოველდღიურად თბილისელების მხრიდან, არის ძალიან დიდი სტიმული და გვაძლევს დამატებით ენერგიას, 24 საათის განმავლობაში ვემსახუროთ თბილისსა და თბილისელებს," - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან გადადგმული უპასუხისმგებლო ნაბიჯები, არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, არამედ სახელმწიფოს აზიანებს.

"ვისურვებდი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის გაერთიანება შეგვძლებოდეს, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა.

გვერდს ვერ ავუვლით იმ ვითარებას, რაც პოლიტიკურ სპექტრში არსებობს. სამწუხაროდ ეს არის დაპირისპირებაზე აგებული პოლიტიკური სპექტრი, რადიკალური ძალებით სავსე ოპოზიცია, რაც ვფიქრობ ძალიან ცუდია და ზოგადად სახელმწიფოსთვის არ არის სასარგებლო. ჩვენ გასული თვეების განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან მოდელირებული გაყალბების ქრონიკა ვიხილეთ და მათი მხრიდან, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ნაბიჯები რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აზიანებს და არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას.

ჩვენ "ქართულმა ოცნებამ", როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ განვაცხადეთ, რომ ჩვენს სასრგებლოდ 1%-იანი ცდომილებაც, რომ ყოფილიყო დაფიქსირებული, მზად ვიყავით შემხვედრი ნაბიჯები გადაგვედგა და ოპოზიციის მოთხოვნებზე რეაგირება მოგვეხდინა, თუმცა მათი მხრიდან ისევ უარი, დესტრუქცია და შეურაცხყოფა მივიღეთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯის გადასადგმელად დღესაც მზად ვართ," - განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქართული ოპოზიციის გარდა ყველამ აღიარა.

"ფაქტია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ყველამ აღიარა, გარდა ქართული ოპოზიციისა. ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს მოქალაქეებს, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, ავტორიტეტულ ორგანიზაციებსა და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორ, დასავლელ მეგობრებსა და დასავლურ ინსტიტუტებს. ეს არის ძალიან სამწუხარო ვითარება, რადგანაც ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან,  იქნება ეს გლობალური პანდემია, რთული რეგიონალური კონტექსტი თუ სხვა საკითხები, რასთან გამკლავებაც სახელმწიფოებრივი საკითხია. დესტრუქცია და რევანშზე ორიენტირებული ნაბიჯები კი ამ ერთსულოვნებას, რა თქმა უნდა, საფრთხეს უქმნის," - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე განცხადებით, მისი სურვილია ქართული პოლიტიკა ჰგავდეს არა ქაოსს, არამედ ქართულ პოლიფონიას და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ქვეყნის ინტერესებისთვის გაერთიანება იყოს შესაძლებელი.

დღის ამბები