29 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
უკან-უკან მიდის ქართული რაგბი, ეს არასწორი მენეჯმენტის ბრალია, პროფესიონალიზმის ნაკლებობაა - ირაკლი აბუსერიძე

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე "დღის კურიერის" ეთერში ქართული რაგბის სამყაროში არსებულ პრობლემებსა და ამის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს. აბუსერიძე პრობლემებს არასწორ მენეჯმენტს უკავშირებს. 

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი პროფესიონალიზმის ნაკლებობაზე საუბრობს და ამბობს, რომ რაგბის განვითარებას ფუნდამენტური ცვლილებები სჭირდება.   

"პირველ რიგში, სტატისტიკას მოვიშველიებ, რომ როცა ბავშვთა რაოდენობა იზრდებოდა და გვყავდა 7000 და როცა დღეს 3000-მდე ჩამოვიდა. ეს შეუძლია ნებისმიერმა გადაამოწმოს. უკან-უკან მიდის ქართული რაგბი. ეს ვეთანხმები, არასწორი მენეჯმენტის ბრალია, არასწორი მიმართულებების. რეგიონების განვითარება გვჭირდება, საკლუბო რაგბის განვითარება, სასკოლო რაგბის, რაც არის ფუძე, ფუნდამენტური ცვლილებაა საჭირო. 

პროფესიონალიზმის ნაკლებობა იყო, მწვრთნელების გადამზადება გვჭირდება, გაორმაგება გვჭირდება და ამას, თუ ყურადღება არ მიექცა, რაც არ უნდა თანხები იყოს, ჩვენ ვერ მივაღწევთ იმ შედეგს, რასაც ჰქვია რაგბის წინსვლა. 13 წელი ვთამაშობდი და ყველა დეტალი ვიცი, რაგბის განვითარებას და წინსვლას რა სჭირდება. ყველა ის პერიოდი გამოვიარეთ მეც და ჩემი გუნდის წევრებმაც, რომ არანაირი კომფორტი და არანაირი საშუალება არ გვქონდა, რომ გამართულად გვევარჯიშა, გინდაც გასახდელები არ არსებობდა, მაგრამ ჩვენ ერთიანობით, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მივაღწიეთ იმას, რომ მსოფლიო ფედერაციისთვის და მსოფლიოსთვის გვენახებინა, რომ ქართული რაგბი არის ერთ-ერთი მოწინავე.

პროფესიონალიზმის ნაკლებობაა, გაორმაგება გვჭირდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი მიმართულების დაგეგმვა, მიზნის დაგეგმვა, განვითარების გრძელვადიანი გეგმაა დასაწერი. შეიძლება ჩვენ ასე უცებ შედეგს ვერ მივაღწიოთ, მაგრამ ამისთვის სტრუქტურის გამართვაა საჭირო და ყველაფერი ეს თანხვედრაშია ერთმანეთთან," - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ. 

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე გადაიდო. უკანასკნელი დადგენილებით, არჩევნები 30 დეკემბერს უნდა ჩატარდეს. პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი - ბაჩო ხურციძე, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე, იბრძვის.

დღის ამბები