29 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
პარტიების დაფინანსებაზე კანონპროექტის განხილვა დროებით შეჩერდა - საკანონმდებლო ორგანო საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნის მოლოდინშია

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა მომდევნო განხილვები შეჩერდება. ინიციატივით კანონმდებლებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მიმართა.

ირაკლი კობახიძემ თანაპარტიელებს შესთავაზა, ცვლილებები სამართლებრივი დასკვნისთვის ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გაუგზავნონ. რატომ გადაიფიქრა მმართველმა პარტიამ დაჩქარებული წესით მისაღებ კანონპროექტებზე მსჯელობის გადადება, უმრავლესობის ლიდერმა მოგვიანებით განმარტა.

ვიდრე მმართველი პარტია კანონპროექტების განხილვის გადადების და მისი ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნის ინიციატივით გამოვიდოდა, მანამდე კანონპროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა და დადგინდა, რომ ოპოზიციური პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მიიღებენ.

"საბოტაჟი" - ეს სიტყვა დღეს სხდომათა დარბაზში რამდენჯერმე გაისმა. პარტიების დაფინანსების და რეგისტრაციიდან მოხსნის გარდა რიგგარეშე სესიაზე მსჯელობის საგანი იყო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერების ხელფასების საკითხიც.

დღის ამბები