"კურიერმა" მოიპოვა დაკარგული ჯარისკაცის ვიდეოკადრები, რომელიც ვაზიანის ბაზიდან მისი გასვლის მომენტს ასახავს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარისკაცმა განაწესის შეცვლის შემდეგ, კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით ისარგებლა და სამხედრო ნაწილის ტერიტორია დატოვა.
"კურიერის" მიერ მოპოვებული მასალა არის გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელშიც ჩანს თუ როგორ ტოვებს ვაზიანის სამხედრო ბაზას 21 დეკემბერს 10:20 საათზე თეიმურაზ გიუნაშვილი სამოქალაქო ტანსაცმელში.
უკვე მეორე გარე სათვალთვალო კამერის ჩანაწერი არის ბაზის მიმდებარე პერიმეტრზე. თეიმურაზ გიუნაშვილი გადის გზის სავალ ნაწილზე და მიუყვება ბაზის ტერიტორიას. დაახლოებით 10-12 წამის განმავლობაში გრძელდება ეს ფრაგმენტი და 35 წლის მამაკაცის კვალი სწორედ ამის შემდეგ ქრება.
როგორც მეოთხე ბრიგადის მეთაური "კურიერთან" საუბარში აცხადებს, გიუნაშვილმა ტერიტორია საკუთარი პატაკის საფუძველზე დატოვა და ერთდღიანი შვებულებით ისარგებლა. ის უნდა დაბრუნებულიყო მომდევნო დილის 8 საათისთვის, თუმცა როდესაც ასე არ მოხდა, მისი ძებნა დაიწყეს.
"სამხედრო მოსამსახურემ ისარგებლა მასზე მინიჭებული უფლებით, წასულიყო დათხოვნაში. თავისი პირადი პატაკის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურემ დატოვა სამხედრო ნაწილი, რასაც ადასტურებს, ასევე, გარეთ დამონტაჟებული კამერები.
მეორე დღეს, როდესაც უნდა დაბრუნებულიყო სამხედრო მოსამსახურე 22-ში 8 საათზე, არდაბრუნების შემდგომ მოხდა დაკავშირება მის ოჯახთან და გამოკითხვა, თუ სად შეიძლებოდა გვეპოვნა აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც დღემდე ვერ ვუკავშირდებით.
ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ აღნიშნულ სამხედრო მოსამსახურეს ვიპოვით," - განაცხადა მეოთხე ბრიგადის მეთაურმა გიგა ჯინჭარაძემ.
შეგახსენებთ, მესამე დღეა დაკარგულია მეოთხე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი, თეიმურაზ გიუნაშვილი. 35 წლის სამხედრო 21 დეკემბერს ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გავიდა, თუმცა სახლში არ მისულა. მეორე დღეს ის არც სამსახურში გამოცხადდა, რის მერეც მისი ძებნა დაიწყო.