29 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
პარტიების დაფინანსების წესი და ირაკლი კობახიძის ინიციატივა - ექსპერტების განსხვავებული შეფასებები 

კანონპროექტის შესახებ, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ საარჩევნო სუბიექტებს, შესაძლებელია, რომ შეუწყდეთ საბიუჯეტო დაფინანსება,  ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, რომ ხელისუფლება დროის გაწელვას ცდილობს იმისთვის, რომ ოპონენტებთან შეთანხმება შედგეს.   

ექსპერტები უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივასაც აფასებენ, რომელმაც განაცხადა, რომ  კანონპროექტი ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გადაეგზავნოს. 

"გარკვეულწილად, ამ ეუთო/ოდირში თუ ვენეციის კომისიაში მიმართვით, ისინი წელავენ ამ პროცესს, თან რაღაც რესპექტაბელური სახის ჩვენებაც უნდათ. ორ კურდღელს მისდევენ თითქოს, თუმცა ლოგიკა არ არის, იმიტომ, რომ შენ თუ გაინტერესებდა მათი აზრი, კანონპროექტის ინიცირებამდე გეკითხა და მერე დაგეწყო შარი-შური პარლამენტში,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ნაწილი დადებითად აფასებს ფაქტს, რომ კანონპროექტები ეუთო/ოდირს ეგზავნება, მათი აზრით, მნიშვნელოვანია ამ საკითხზე საერთაშორისო ინსტიტუციების პოზიცია.

სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი, მამუკა არეშიძე ამბობს, რომ პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას არ ეთანხმება.

"ეს ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან გადადგმული, ირაკლი კობახიძემ რაც გააჟღერა სწორია. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით მიეცემა შეფასება. მე მართალი გითხრათ, პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ეს ძალიან დააზიანებს პოლიტიკურ პროცესს. ეს თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა 2008-ში, მაშინდელმა მთავრობამ, თუმცა მერე თვითონ შეცვალეს გადაწყვეტილება და ომის შემდეგ დაუბრუნეს პარტიებს დაფინანსება,“ - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”სექტორი 3-ის" აღმასრულებელი დირექტორი, ნათია ზოიძე მიესალმება ირაკლი კობახიძის ინიციატივას და დადებითად აფასებს იმას, რომ კანონპროექტის ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირისთვის გადაგზავნა უნდა მოხდეს.

"პარტიების საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის და პარტიების დაფინანსების საკითხის მიღება მოხდა რიგ გარეშე სხდომაზე დაჩქარებული წესით, რაც თავის თავად გულისხმობს, რომ არ ყოფილა ფართო საზოგადოებრივი განხილვა ამ საკითხის, ისევე როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობა და რაც ესეთი სენსიტიური საკითხის განხილვისას, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი. შესაბამისად, მივესალმებით იმ ნაბიჯს, რომ უნდა მოხდეს ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის უკუკავშირის მიღება და დასკვნების განხილვა იქამდე, სანამ გაგრძელდება ამის განხილვა, თუმცა ვფიქრობთ, რომ საჭიროა მეტი ნაბიჯების გადადგმა საზოგადოების კონსოლიდაციისთვის,“ - აცხადებს ნათია ზოიძე.

დღის ამბები