29 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
ირაკლი კობახიძემ ყველაზე კარგად იცის, რომ მათი ინიცირებული კანონპროექტი კონსტიტუციას არ შეესაბამება - საბა ბუაძე

ოპოზიცია "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც პარტიების დაფინანსების წესს და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება, რეპრესიულს უწოდებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე უმრავლესობის ინიციატივას კანონპროექტების ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირში გაგზავნასთან დაკავშირებით, შიდა ვაჭრობის მცდელობად აფასებს. 

"ფაქტია, რომ რეპრესიული კანონები დააანონსეს, მათ შორის, რეგისტრაციიდან ჩახსნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი შინაარსობრივი სახე მმართველობის, რომელიც დღეს საქართველოშია - ბიძინა ივანიშვილის მმართველობის.

რაც შეეხება ვენეციის კომისიაში გაგზავნას და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეხედულებას, მათ იციან ამ კანონპროექტებთან დაკავშირებით. ამიტომ, თუ ეს უნდათ შიდა ვაჭრობისთვის, ეს უბრალოდ არ გამოვა, რადგან ჩვენ, ოპოზიციას, ჩვენი კონსენსუსი ამ საკითხებთან დაკავშირებით უკვე გვაქვს, და, განსაკუთრებით, საკითხთან, რომელიც ეხება პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის არ მინიჭებას,"-განაცხადა ხატია დეკანოიძემ

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" ინიციატივა კანონპროექტების ვენეციის კომისიაში გაგზავნის შესახებ, მხოლოდ დროის მოგების მცდელობაა.

"ირაკლი კობახიძემ ყველაზე კარგად იცის, რომ მათი ინიცირებული კანონპროექტი არ შეესაბამება არც კონსტიტუციას, არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი და ვენეციის კომისიაში გაგზავნის დაანონსება და მსგავსი ინიციატივები მხოლოდ დროის მოგებას ისახავს მიზნად, რომ ეცადონ კიდევ უფრო მეტად შეავიწროონ ოპოზიცია, შემოიტანონ განხეთქილება ოპოზიციურ ერთიანობაში, რასაც მათ აქამდე ვერ მიაღწიეს და მომავალშიც ვერ მიაღწევენ,"-განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს უგზავნის იმ კანონპროექტებს, რომლებიც პარტიების დაფინანსების წესს და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება.

დღის ამბები