მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების შემაკავებელი შეზღუდვები საშობაოდ არ შემსუბუქდება, ქვეყნების უმრავლესობა რეგულაციებს კვლავ ახანგრძლივებს.
ინგლისში 16 მილიონზე მეტ ადამიანს კორონავირუსის გამო დაწესებული უფრო მკაცრი საახალწლო შეზღუდვები შეეხება. მიზეზი COVID-19-ის ახალი შტამია, რომელიც სწრაფად ვრცელდება. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა პანდემიის ახალ ფორმას კიდევ უფრო მომაკვდინებელი უწოდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კი აცხადებენ, რომ ერთადერთი გზა ვირუსის შესაჩერებლად სრულყოფილი ვაქცინის შექმნა და მასობრივი ვაქცინაციაა.
ევროპის შემდეგ, რომელიც ამ დროისთვის პანდემიის წითელ ზონად რჩება, ვირუსი სწრაფად ვრცელდება აზიაშიც. სამხრეთ კორეამ მკაცრი შეზღუდვები უკვე აამოქმედა.
ქვეყნის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევები რეკორდულ ნიშნულს აღწევს. ამ დროისთვის კორონავირუსმა ყველაზე მეტად ამერიკის შეერთებული შტატები დააზარალა, პანდემიამ 330 000-მდე პაციენტი იმსხვერპლა, ვარაუდობენ, რომ აპრილამდე ეს რიცხვი ნახევარ მილიონს გადააჭარბებს.