29 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
განცხადება რევოლუციური სცენარის შესახებ პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემაა - ოპოზიციის ნაწილი მოვლენების ამგვარ განვითარებას ემიჯნება

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას განცხადება რევოლუციური სცენარის შესახებ პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემაა. ტერმინს "რევოლუცია" უკვე გაემიჯნა პარტიების ერთი ნაწილი, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთ ბლოკში შემავალი "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი, რომელმაც დაწერა, რომ რევოლუციის პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიებას უნდა შეეშვან, რადგან რევოლუცია, როგორც ტერმინი, ასევე მოვლენა, გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება.

იგივე პოზიცია დააფიქსირა "ლელოს" ლიდერმაც. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სიტყვა "რევოლუცია" ოპოზიციამ ლექსიკონიდან უნდა ამოიღოს.

პოზიცია დააფიქსირა ევროკავშირის ელჩმაც, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ სიტყვა "რევოლუცია" არ ეხმარება მოლაპარაკებების პროცესს და ამას მხარს ვერც ისინი დაუჭერენ.

თემას გამოეხმაურნენ სხვა პოლიტიკური პარტიებიც. პარტია "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მათი პოლიტიკური მოძრაობა შეთანხმების დაცვის სადარაჯოზე დგას და ნებისმიერი სხვა სცენარი, სადაც საუბარია არეულობაზე და რევოლუციაზე მათთვის მიუღებელია.

"ყველამ უნდა დაანებოს თავი ამ სცენარებზე ლაპარაკს, როგორც მაშველ რგოლზე," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი.

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე მიიჩნევს, რომ კრიზისიდან და ჩიხიდან გამოსავალი მხოლოდ კანონიერ და მშვიდობიან პროცესებზე გადის, რაც ახალ არჩევნებს გულისხმობს:

"ნებისმიერი სხვა სცენარი ამ ქვეყნისთვის იქნება დამაზიანებელი," - აღნიშნა საბა ბუაძემ.

შეგახსენებთ, რევოლუციური სცენარი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა რამდენიმე დღის წინ ახსენა, თუმცა ნიკა მელიას განცხადების შემდეგ განმარტების გაკეთებაც მოუწია და "ფეისბუკზე" დაწერა, რომ მშვიდობიანი რევოლუცია ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო პროტესტის შედეგად ხელისუფლება იძულებულია გადადგეს და ინიშნება ვადამდელი არჩევნები.

დღის ამბები