29 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პარტიის წევრები უკვე ერთი საათია დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ, ინფორმაციას ამის შესახებ პრეს სამსახური ავრცელებს.

"კურიერის" ინფორმაციით განსახილველ თემებს შორის არის პარტიის თავმჯდომარის არჩევის წესი, მაგრამ დღეს თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება. ასევე განიხილება სხვა ტექნიკური საკითხები, სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ხმაურდება. 

"არჩევნების შემდგომ და იმის შემდგომ რაც უარი ვთქვით საპარლამენტო მანდატებზე და პარტიის თავმჯდომარემ დატოვა თანამდებობა, ცხადია ძალიან ბევრი საკითხია სამსჯელო პოლიტსაბჭოზე. პარტიის სამოქმედო გეგმაზეა მსჯელობა და მისი დასრულების შემდგომ აუცილებლად მოგახსენებთ შედეგებს," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა და დააზუსტა, რომ პოლიტსაბჭოს უფლებამოსილებაში არ შედის ახალი თავმჯდომარის არჩევა.

გრიგოლ ვაშაძის პოსტიდან მოულოდნელად წასვლის შემდეგ, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია თავმჯდომარის გარეშეა დარჩენილი. პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარება, რომელიც ჩანიშნული არ იყო, ორი დღის წინ გადაწყდა.

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია "ნაციონალური მოძრაობა" და მის მიერ დაკავებული ყველა პარტიული თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.

დღის ამბები