29 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
COVID-19 და საქართველო - გარდაცვალების რიცხვის ზრდის ფონზე, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს

კორონავირუსის ახალი მსხვერპლი 29 წლის გიორგი კაკოშვილია. გარდაცვლილი შს სამინისტროში მუშაობდა. სიმპტომების გამოვლენის მიუხედავად, ახალგაზრდა მამაკაცს ინფექცია სწრაფი ტესტით პირველ ეტაპზე არ დაუდასტურდა, შესაბამისად მას ბინაზე მედიკოსები ბრონხო-პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობდნენ. ახლობლების მტკიცებით, ლეტალური შედეგის მიზეზი სწორედ არასწორი მკურნალობა გახდა.

გიორგი კაკოშვილის გარდა, COVID-19-ს კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. 32 წლის გიორგი მიმინოშვილი რუხის კლინიკაში გარდაიცვალა, თუმცა მანამდე პაციენტი კორონავირუსს ფოთის საავადმყოფოსა და შეკვეთილში მდებარე კოვიდსასტუმროში ებრძოდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებს პრეტენზიები სწორედ სასტუმროს ექიმის მისამართით აქვთ.

ბრალდებებს არ იზიარებს კოვიდსასტუმროს ექიმი. მედიკოსი ადასტურებს, რომ გიორგი მიმინოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასტუმროში დამძიმდა, თუმცა ამტკიცებენ, რომ მას მედპერსონალის მხრიდან სათანადო სამედიცინო მომსახურეობა გაეწია.

ორი ახალგაზრდის გარდა, ვირუსით, ბოლო 24 საათში 47 პაციენტი გარდაიცვალა. 

გარდაცვალების რიცხვის ზრდის ფონზე, ქვეყანაში იკლებს ინფიცირებულთა რაოდენობა. ჩატარებული 17 ათასამდე ტესტის შედეგად, დღეს ვირუსის 2 636 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რამდენად ეფექტიანად ებრძვის ქვეყანა კორონავირუსის წინააღმდეგ, ამას თბილისში ჩამოსული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი გაეცნობა. ჰანს კლუგე საქართველოში დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფება. მათ ონლაინ კლინიკა უკვე დაათვალიერეს.

დღის ამბები