29 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
საგარეო ვალი საკმაოდ შეღავათიანი პირობებით ავიღეთ, ვალის გადახდისუნარიანობას არაფერი ემუქრება - ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ  საგარეო ვალი  მთავრობამ პანდემიის პირობებში ძალიან შეღავათიანი პირობებით აიღო და მთავრობას ამის გადახდის უნარი ნამდვილად აქვს.

"საგარეო ვალი ძალიან შეღავათიანი პირობებით იქნა აღებული, რადგან ჩვენ მაქსიმალურად შეგვემსუბუქებინა პანდემიის გამო მიღებული დარტყმა, როგორც  მოქალაქეებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. თუკი რაიმე არსებობს დედამიწის ზურგზე, რის გამოც შეიძლება მთავრობებმა მიიღონ გადაწყვეტილება საგარეო ვალის ზრიდს შესახებ, სწორედ მსგავსი შემთხვევებია. გლობალური პანდემია შეიძლება საუკუნეში ერთხელ მოხდეს. ეს არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც სახელმწიფომ უნდა შეძლოს და შევძელით კიდეც, გარე დახმარებების მობილიზება.

მეორე ნაწილია, რამდენად ეფექტურად იყო ეს ვალი გამოყენებული- ძალიან გამჭირვალედ ხდება თითოეული ვალის განკარგვა ბიუჯეტიდან, ამ თანხის დიდი ნაწილი წავიდა მოსახლეობის დასახმარებლად, წავიდა ბიზნესის დასახმარებლად და წავიდა ჯანდაცვის დასახმარებლად. ეს რესურსი პანდემიას მოხმარდა და მოხმარდება. ამიტომ ჩვენი ოპონენტების კრიტიკა, ეს არის უსამართლო კრიტიკა. წინა ხელისუფლებამაც აიღო დიდი ვალი და არავინ იცის სად წავიდა ის თანხა და ერთი თეთრი არ წასულა მოსახლეობის სასარგებლოდ.

რაც შეეხება საგარეო ვალის გადახდისუნარიანობას, ამას არაფერი ემუქრება, მომავალი წლიდან ჩვენ ვიწყებთ ეკონომიკის გაჯანსაღებას. 4,3 მეათედი პროცენტი ზრდა, სულ მცირე ზრდა არის ნავარაუდები და შემდეგ იქნება 5%-ზე მეტი ზრდა,"-აღნიშნა ნათია თურნავამ.

დღის ამბები