29 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
ხელისუფლება ვერავის ვერ გაუუქმებს რეგისტრაციას, თუ სააკაშვილმა არ გაუუქმა თავის პარტიას რეგისტრაცია - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე "დღის კურიერის" ეთერში  საუბრობს ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, პარტია ვეღარ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, თუკი მისი ლიდერი, სხვა ქვეყნის მოქალაქე,  წინასაარჩევნო აგიტაციაში ორი თვის განმავლობაში ჩართული იქნება. ირაკლი კობახიძე ღიად ამბობს, რომ ინიციატივა მართლაც "ნაციონალურ მოძრაობას" ეხება. 

კობახიძე განმარტავს, რომ თავად  მიხეილ სააკაშვილზეა დამოკიდებული, გაუუქმდება თუ არა პარტიას რეგისტრაცია. მისი თქმით, თუკი ყოფილი პრეზიდენტი ორი თვის განმავლობაში არ ჩაერევა საარჩევნო აგიტაციაში, ამ შემთხვევაში, პარტიას რეგისტრაცია არ  გაუუქმდება.

"მიხეილ სააკაშვილი არ არის ფორმალური ლიდერი პარტიის და ვერც იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ ის არ არის მოქალაქე და მას შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ექვემდებარება აღსრულებას. ბუნებრივია, არავითარი პარტიის რეგისტრაცია არ გაუქმდება, თუ ეს ადამიანი თვითონ არ დააყენებს დარტყმის ქვეშ საკუთარ პარტიას. ის ორი თვის განმავლობაში თუ იქნება ნეიტრალური და არ ჩაერევა საარჩევნო აგიტაციაში, ამ შემთხვევაში, პარტიას არავითარი რეგისტრაციის გაუქმება ბუნებრივია, არ ემუქრება.

აქ საუბარია ამაზე, სააკაშვილმა არ უნდა გააუქმოს რეგისტრაცია რეალურად თავის პარტიას, თორემ ამის ბერკეტი რეალურად მის გარეშე არავის არ აქვს. ხელისუფლება ვერავის ვერ გაუუქმებს რეგისტრაციას, თუ სააკაშვილმა არ გაუუქმა თავის პარტიას რეგისტრაცია.

ეს არის პრინციპის საკითხი, კონსტიტუციური ნორმა უნდა აღსრულდეს.

ამ შემთხვევაში, არის კონსტიტუციური რეგულაცია, რომელიც დასჯადიც არის, რომელიც ისჯება არაეფექტურად, ანუ 2000 ლარი არის ღიმილის მომგვრელი ჯარიმა.

"ეს არ არის მხოლოდ სააკაშვილზე აგებული კანონი. წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცამ გადაწყვიტა, მაგალითად, რუსეთის წარმომადგენელმა, რომელიმე პოლიტიკოსმა, რომ ეს პოლიტიკური პარტია არის ჩემი და მე მხარს ვუჭერ ამ პარტიას ამ არჩევნებში და იმ პარტიამაც მიიღო ეს მხარდაჭერა. მარტო სააკაშვილზე ხომ არ არის. 2 000 ლარით უნდა დააჯარიმო ვიღაც რუსი პოლიტიკოსი, რომელიც ერევა პირდაპირი ფორმით ქართულ კამპანიაში. რა თქმა უნდა, რეაგირება უნდა იყოს ბევრად უფრო მკაცრი. იგივე ეხება სააკაშვილსაც, ერთია მოქალაქეობა და მეორე არის ის, რომ ამას აქვს მძიმე დანაშაულში ბრალდება, რომელიც ექვემდებარება აღსრულება და ასეთი პირის მონაწილეობა საარჩევნო აგიტაციაში პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ნორმებს და მოთხოვნებს. უბრალოდ მექანიზმი არ იყო ამის აღსრულების, ახლა მექანიზმი გაჩნდა,“ - აცხადებს კობახიძე. 

 

 

დღის ამბები