29 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
კანონპროექტი მიმართულია არა ბოიკოტის, არამედ საბოტაჟის წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძის თქმით, მზად არიან ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციასთან დისკუსიისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განიხილოს ის კანონპროექტი, რომელიც საპარლამენტო ბოიკოტის შემთხვევაში პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას ეხება.

მისივე თქმით, ეს კანონპროექტი მიმართულია არა ბოიკოტის, არამედ საბოტაჟის წინააღმდეგ, რომელიც ახალი მოცემულობაა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში და მას სამართლებრივი რეაგირება სჭირდება. 

"რა მუქარაზეა საუბარი ჩვენი მხრიდან, როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები სამი ადამიანის ბულინგისა და შანტაჟის ქვეშ არიან. სადაც, მაგალითად "გირჩს", "მოქალაქეებს" ობსტრუქციას უწყობენ, სოციალურ ქსელებში და ტელევიზიით თავს ესხმიან და ა.შ. ეს არ არის მუქარა და თურმე ეს კანონპროექტები, რომელიც სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია, არის მუქარა.

ბოიკოტი არის სხვა რამე, ამ შემთხვევაში, საპარლამენტო საბოტაჟთან გვაქვს ჩვენ საქმე, ეს არის ახალი მოვლენა, რასაც სჭირდება სამართლებრივი რეაგირება. ჩვენ ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციასთან მზად ვართ დისკუსიისთვის ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის, მოლაპარაკებებთან, კანონპროექტებთან, ჩვენს პოზიციებთან დაკავშირებით. მზად ვართ შენიშვნებიც მივიღოთ, შეიძლება რაღაც არასწორად გვიწერია ამ კანონპროექტში, მივიღებთ შენიშვნებს, ვიმსჯელებთ და ასე მივიღებთ გადაწყვეტილებას,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ 10-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უკიდურესი შეშფოთება გამოხატა ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. სამოქალაქო სექტორი აღნიშნულ ინიციატივას პროტესტის გამო სანქციების დაწესებას უწოდებს.

დღის ამბები