29 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
ეს სახელმწიფო ტერიტორიაა, თუ ვინმე გადაწყვეტს ამ კონკრეტული მიწის ყიდვას, სახელმწიფო გაყიდის - კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში მდებარე მიწებზე

აფრიკის დასახლებაში დღეს განვითარებულ მოვლენებს, სადაც უკანონო მშენებლობების დემონტაჟს ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა, დედაქალაქის მერი "ღამის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, ის კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მუნიციპალურ ინსპექციას იმ სახლების დემონტაჟი არ მოუხდენია, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ:

"სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ იმ შენობა-ნაგებობებში, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა, იქ არ ცხოვრობდა არცერთი ადამიანი. შენობა ნაგებობებს, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, არავინ შეხებია, მიუხედავად იმისა, რომ უკანონოდ აქვთ დატაცებული მიწები და უკანონოდ აქვთ აშენებული ის სახლები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში 16 შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდა, რომელიც მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე იყო," - განაცხადა კახა კალაძემ, მის თქმით, უკანონო მშენებლობის დემონტაჟის გადაწყვეტილება მისი მიერ იქნა მიღებული.

კახა კალაძის თქმით, უკანონობის წახალისება ვერ მოხდება იმ მოტივით, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.

"მძიმე სოციალური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უკანონობა უნდა იყოს დაშვებული. ვწუხვარ და ცუდია, რომ ქვეყანაში სოციალური ფონი მძიმეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები წავახალისოთ რომ უკანონობა ჩაიდინონ," - აღნიშნა კახა კალაძემ.

წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს ეჭვი, რომ დემონტაჟის მსგავსი ტემპებით განხორციელება შეიძლება უკავშირდებოდეს იმას, რომ ამ ტერიტორიით რომელიმე დეველოპერია დაინტერესებული და სწორედ მათ ეჩქარებათ ამ ტერიტორიის გათავისუფლება, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ტერიტორია სახელმწიფოსია და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში, სახელმწიფო ამ ტერიტორიას გაყიდის, თუმცა, ჯერჯერობით, ასეთი წინადადება არ არსებობს:

"ეს არის სახელმწიფო ტერიტორია, თუ ვინმე ფიზიკური პირი, დეველოპერული კომპანია, სამშენებლო კომპანია, თუ ისინი გადაწყვეტენ ამ კონკრეტული მიწის ყიდვას, სახელმწიფო გაყიდის. კონკრეტული წინადადება არ შემოსულა მუნიციპალიტეტში," - აღნიშნა კახა კალაძემ.

კითხვაზე რამდენად იყო სწორი დრო შერჩეული დემონტაჟისთვის კახა კალაძემ განაცხადა, რომ ნამდვილად სწორი დრო იყო შერჩეული, რადგან შენობა-ნაგებობები ჯერ არ იყო დასრულებული და იქ არ ცხოვრობდნენ ადამიანები.

კახა კალაძე იმ ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც გამოეხმაურა, რომელიც დღეს აფრიკის დასახლებაში დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდა. მისი თქმით, მერიის წარმომადგენლებმა ორსული ქალის მდგომარეობა მოიკითხეს და ის ამ დროისთვის სტაბილურად და ნორმალურადაა.

დღის ამბები