29 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
ქობულეთში მომხდარი მკვლელობის მოტივად უთანხმოება სახელდება

დღეს საღამოს მკვლელობა მოხდა ქობულეთში - სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს 50 წლამდე მამაკაცს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მკვლელობა ქობულეთის შესასვლელში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია 108-ე მუხლით, თუმცა ბევრი დეტალი მომხდარის შესახებ არ არის ცნობილი.

"კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველებს მკვლელობაში ბრალდებული პირის ვინაობა უკვე დადგენილი ჰყავთ. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, კოტე ანანიაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს დანაშაულის ჩამდენი პირის სამძებრო ღონისძიებები.

მკვლელობის მოტივზე ადგილობრივებს საუბარი უჭირთ, თუმცა არსებობს ვერსია, რომ მათ შორის წარსულში ადგილი ჰქონდა უთანხმოებას.

"შელაპარაკების ნიადაგზე თუ რამე მოხდა, არ ვიცი... მათ შორის, მგონი, მტრობა არ ყოფილა. აქ "სეკას" თამაშობდნენ დღეს, კარგი ბიჭი იყო და არ ვიცი, რა მოხდა," - აღნიშნა მოკლულის მეზობელმა.

"პოლიციის დანაყოფში შემოსული შეტყობინების თანახმად, ადგილი ჰქონდა დაჭრის ფაქტს. საავადმყოფოში გადაყვანისთანავე აღნიშნული პიროვნება გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და ასევე, ოპერატიული სამძებრო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით," - განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კოტე ანანიაშვილმა.

დღის ამბები