29 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
ფულის უკანონოდ დაუფლების ახალი სქემა - თაღლითები არარსებული ავტომანქანებით ვაჭრობდნენ

სამართალდამცავებმა ფულის თაღლითურად დაუფლების ახალი სქემა გამოავლინეს. თაღლითები არარსებული ავტომანქანებით ვაჭრობდნენ.  ბრალდებულები, მათ მიერ წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით, ავტოპორტალ myauto.ge -ზე ვითომ გასაყიდი ავტომობილების ფოტოებს ათავსებდნენ და საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასს უთითებდნენ, ავტომობილების შეძენის მსურველ პირებს კი ავტომანქანის გადაცემამდე, წინასწარ, მოტყუებით არიცხვინებდნენ მითითებული თანხის ნაწილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც აღნიშნულ თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ. ბრალდებულები დანაშაულებრივი სქემით მოქმედებისას, კვალის დაფარვის მიზნით, სხვადასხვა მობილურ ტელეფონსა და ნომრებს იყენებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 5-მა დაზარალებულმა მიმართა და დახმარება სთხოვა. ყველას საერთო შინაარსის პრობლემა ჰქონდა. სამართალდამცველებმა სამივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს და ბრალი წარუდგინეს. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით მათ პატიმრობა შეუფარდა, ყველა დაკავებული აღიარებს წარდგენილ ბრალს, რომელიც ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს.

ავტოპორტალ myauto.ge -ს ყოველდღიურად მილიონ-ნახევარი მომხმარებელი სტუმრობს. განაცხადის დადების უფლება აქვს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირსაც, რომელსაც საიტზე ავტორიზაცია გავლილი აქვს. განცხადების დადების დროს აუცილებელია ავტორმა ყველა სავალდებულო ველი შეავსოს, რომელიც ავტომობილის მონაცემებს უკავშირდება. თუ ავტორი არღვევს წესებს, საიტის სამუშაო ჯგუფს შეუძლია განაცხადი დაბლოკოს. მიუხედავად იმისა, რომ თაღლითური განცხადებები სწორედ ამ საიტზე იყო განთავსებული და ფასი არარეალურად დაბალი იყო, ავტოპორტალმა მისი გამოვლენა ვერ შეძლო.

ამ დროისთვის დაკავებულების ადვოკატები დუმილს ამჯობინებენ და მედიასთნ არ თანამშრომლობენ. თაღლითების მიერ სხვადასხვა დროს myauto.ge-ზე ატვირთული განაცხადები დაბლოკილია და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

დღის ამბები