პანდემიის შედეგად დამძიმებული ეპიდემილოგიური მდგომარეობის გამო საქართველოს მეზობელი სახელმწიფოები ვირუსის შესაკავებლად რეგულაციებს ამკაცრებს. დღეიდან აზერბაიჯანში 18 იანვრამდე კარანტინი ცხადდება.
რთული მდგომარეობააა თურქეთსა და რუსეთშიც. ორივე ქვეყანაში ბოლო 24 საათში დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 26 ათასს აჭარბებს. ინტენსიური თერაპიის განყოფილებები კი მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაციას უკვე ვეღარ უზრუნველყოფს.
ინფექციის შემთხვევების ზრდის ტენდენციაა შენარჩუნებულია ევროპაშიც. მოახლოებული დღესასწაულების მიუხედავად, დეკემბრის შუა რიცხვებიდან თითქმის ერთი თვის განმავლობაში, გერმანიაში ნაწილობრივი კარანტინი გახანგრძლივდება.
კორონავირუსის მესამე ტალღისთვის ემზადება პოლონეთი. მთავრობა არსებული შეზღუდვების 17 იანვრამდე გაგრძელებას გეგმავს. ამ დროისთვის პოლონეთში აკრძალულია 5-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა. საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
ამ დროისთვის იტალია "კოვიდ 19"-ის ფატალური შემთხვევების რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზეა. მთვარობა საშაბაოდ ქვეყნის წითელ ზონად გამოცხადებასა და რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებას გეგმავს. იტალია მასობრივ ვაქცინაციას იანვრის შუა რიცხვებიდან აანონსებს.
იანვარში დაიწყება ვაქცინაციის პროგრამა ესპანეთშიც. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 2021 წლის ზაფხულის ბოლოს, კორონავირუსზე მოსახლეობის 2/3-ზე მეტი უნდა იყოს აცრილი.
ევროპის მსგავსად ვითარება მძიმეა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, დღეში იმდენივე ან იმაზე მეტი ადამიანი იღუპება, როგორც 11 სექტემბრის ტერაქტის დროს. მწვავე პანდემიური მდგომარეობის ფონზე დღეიდან ამერიკულ-გერმანული კომპანიების მიერ წარმოებული ვაქცინით სამედიცინო პერსონალსა და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებს აცრიან. ვაქცინის გაკეთებას ამ ეტაპზე არ აპირებს დონალდ ტრამპი.