29 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
ISFED-ის საკითხი ოპოზიციისთვის ერთ-ერთი არგუმენტი ნამდვილად იყო, მაგრამ არა ერთადერთი - გიორგი ვაშაძე

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ISFED-ის მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების ჩასწორების ფაქტს სამწუხაროს უწიდებს და  ამბობს, რომ მთავარი შეცდომა ის არის, რომ  როგორც კი შეიტყო ამის შესახებ  "სამართლიანმა არჩევნებმა", მაშინვე უნდა გაეკეთებინათ განცხადება და ეს 40 დღიანი დაგვიანება სწორი არ არის. 

"ძალიან სამწუხაროა ის, რაც მოხდა, ასეთი შეცდომები არ უნდა ხდებოდეს. მით უმეტეს, ისეთ კვალიფიციურ და მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციას, როგორიც არის "სამართლიანი არჩევნები", ასეთი შეცდომები არ უნდა ემართებოდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი ხდება და აბსოლუტურად მესმის, რომ როგორც თვითონ ამბობენ, თუ მოხდა ეს შეცდომა, მოხდა და ღიად ამბობენ ამასთან დაკავშირებით.

ჩემი აზრით, მთავარი შეცდომა არის ის, რომ როგორც კი შეიტყვეს ამის შესახებ, მყისიერად უნდა გაეკეთებინათ განცხადება და ეს 40 დღიანი დაგვიანება არ არის სწორი "სამართლიანი არჩევნების" მხრიდან. მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ თავს დავესხათ "სამართლიან არჩევნებს" და ვთქვათ, რომ ეს კატასტროფული ორგანიზაციაა და სრული უნდობლობა გამოვუცხადოთ. ეს ესე ნამდვილად არ არის, იმიტომ, რომ "სამართლიანმა არჩევნებმა" გარდა პარალელური დათვლისა, ძალიან ბევრ დარღვევაზე ისაუბრა, თუმდაც თავის შეფასებაში, რომელიც წარმოადგინა, დისბალანსები ოქმებში, ძალიან ბევრი საკითხი, რომელზეც საუბრობს და ეს არის მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია და აუცილებლად მომავალშიც დაგვჭირდება მის მიერ დაკვირვება არჩევნებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ოპოზიციის პოზიციებს, ერთ-ერთი არგუმენტი ნამდვილად იყო "სამართლიანი არჩევნების" საკითხი, მაგრამ არა ერთადერთი არგუმენტი.  იმიტომ, რომ ჩვენ უამრავი საჩივარი გვაქვს შეტანილი ცესკოში, სასამართლოში, რომელიც არ დაკმაყოფილდა, გვაქვს უამრავ დისბალანსზე საუბარი, რომელიც ოქმებშია, რომელიც უპრეცედენტოდ მაღალია ამ არჩევნებზე. ჩვენ ჩვენს გზას მიყვებით და ის მტკიცებულებები, რაც გვაქვს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ამას ვუზიარებთ ყველას, როგორც საერთაშორისო თვალსაზრისით, ასევე ადგილობრივი თვალსაზრისით,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები