შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.დ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 13 დეკემბერს, თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ნაცნობის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.