თუ ელჩების მონაწილეობით მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი დაინიშნება, ოპოზიციის ნაწილი მზად არის შეხვედრას დაესწროს.
პარტიების ნაწილის ინფორმაციით, მორიგი შეხვედრა შესაძლოა უახლოეს დღეებში გაიმართოს. ეს იქნება პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ISFED-მა დაადასტურა, რომ პარალელური დათვლის შედეგების გადამოწმების შემდეგ პარტიების მიერ არჩევნებზე მიღებული მხარდაჭერა, პროცენტებში, ცესკოს მონაცემებს თითქმის სრულად ემთხვევა.
"ამ მოლაპარაკების შეწყვეტის ღია, პირდაპირი განცხადება იყო კობახიძის განცხადება, როდესაც ის მოლაპარაკებების პარალელურად, საჯაროდ დაემუქრა "ნაციონალურ მოძრაობას".
დიდად პოზიტიურად განწყობილი ამ მოლაპარაკებების მიმართ არ ვარ. თუ შედგება მსგავსი შეხვედრა, რა თქმა უნდა მთელ ოპოზიციასთან ერთად, მაშინ ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ მე წარმოდგენა არ მაქვს ამ კონტექსტში რაზე შეიძლება ესაუბრო საერთოდ იმ ხელისუფლებას, რომელიც საბოლოოდ ჩამოყალიბდა როგორც რეჟიმი," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ.
"ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, თუ პრინციპულად რამე არ შეიცვალა, ისინი ხელისუფლებასთან თანამშრომლობას არ აპირებენ.
"გირჩის" წევრი ვახო მეგრელიშვილი აცხადებს, რომ კრიზისს მხოლოდ მოლაპარაკებები განმუხტავს.
"თუ ამ კრიზისს განმუხტვა უწერია, ყველა ვარიანტში ის განიმუხტება მხოლოდ მოლაპარაკებით. სხვა გზა ფიზიკურად არ არსებობს. მეორე საკითხია, რამდენად ხვალისთვის ან ზეგისთვის იქნებიან მზად მხარეები. ამას პოლიტიკური ნება უნდა და არა "გირჩის", არამედ უნდა "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის". სხვა პოლიტიკური პარტიებს ამ კონტექსტში, რა კონტექსტშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ, ის მნიშვნელობა არ აქვთ. "ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ მე ვწყვეტო ვინ იქნება პარლამენტშიო, ვისაც მე მივიჩნევ უნდა იყოსო და ვისაც არა არ უნდა იყოსო," - განაცხადა "გირჩის" წევრმა ვახო მეგრელიშვილმა.