29 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
კრიმინალის მობილიზება, ხალხის დაშინება, ცემა-ტყეპა და მოქრთამვა ISFED-ის პარალელურ დათვლაში ფიზიკურად ვერ აისახება - საბა ბუაძე

"ლელოს" წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დარღვევები ISFED-ის ანგარიშში ფიზიკურად ვერ აისახებოდა, რადგან ის კრიმინალის მობილიზებას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, დაშინებას, ძალადობას და მოქრთამვას მოიცავდა.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ISFED-ის პარალელური დათვლის ანგარიშის კორექტირება საერთო სურათში არანაირ რეალურ ცვლილებას არ იძლევა. 

"არჩევნების გაყალბება მოხდა რამდენიმე ტალღად: კრიმინალის მობილიზება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ხალხის დაშინება, ცემა-ტყეპა და უბნებთან ადამიანების მოქრთამვა ISFED-ის პარალელურ დათვლაში ფიზიკურად ვერ აისახება. ამიტომ, დიახ, არჩევნები გაყალბდა და რამდენიმეპროცენტიანი ცვლილება ანგარიშში 41 დღის თავზე, სურათში არანაირ რეალურ ცვლილებას არ გვაძლევს,"-განაცხადა საბა ბუაძემ. 

"გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში მოსყიდვებს, მუქარებს და იძულებას ჰქონდა ადგილი, ამას კი ISFED-ის მიერ მექანიკური შეცდომის გასწორება ვერ ცვლის. 

"არგუმენტები არ გამოცვლილა - უამრავი დისბალანსი იყო, არის უამრავი ოქმები, სადაც ბიულეტენების რაოდენობა მეტია, არის უბნები, სადაც ნაკლებობაა. ერთი მიუთითებს ჩაყრაზე და მეორე მიუთითებს "კარუსელებზე". ამიტომ, ის ყველაფერი, მათ შორის ის, რაზეც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში იყო საუბარი, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მოსყიდვებს, მუქარებს და იძულებას და ა.შ. ჰქონდა ადგილი, ეს ყველაფერი ძალაში რჩება. გარდა იმისა, რომ ISFED-ს ოქმების დაჯამების დროს რაღაც მექანიკური, არითმეტიკული შეცდომა დაუშვია,"-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

შეგახსენებთ, რომ "სამართლიანი არჩევნების" ხმების პარალელური დათვლის შედეგების კორექტირებული ვარიანტი ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა. გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე მონაცემები დააკორექტირა.

საბოლოო სურათით, მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. პარალელური დათვლით, "ქართული ოცნების" მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა 45.8% იყო, კორექტირების შემდეგ- 47.6% გახდა. ცესკოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, "ქართულმა ოცნებამ" 48.2% მიიღო. ერთი პროცენტით გაიზარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/ძალა ერთობაშიას რეიტინგი და 27.4% გახდა. ცესკოს ოფიციალური შედეგების თანახმად კი, ამ პოლიტიკურმა ძალამ 27.18% მიიღო. სხვა ბარიერგადალახული პარტიების მონაცემები მცირედით - 0.1% გაზრდილია.

დღის ამბები